ბრიტანული სპორტული გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, ლონდონის ტოტენჰემი ვილიარეალის ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდება.
წყაროს ცნობით, 26 წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ ევროს (33 მილიონი ფუნტი) შეადგენს. ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ დაკვირვებაზეა და ინგლისურ კლუბს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ვილიარეალმა მიქაუტაძე 2025 წელს ლიონიდან დაახლოებით 27 მილიონ ფუნტად შეიძინა, რის შემდეგაც ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგის გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, მიმდინარე სეზონში კი ესპანეთის ჩემპიონატში 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩევა.
ანალიტიკოსების შეფასებით, რობერტო დე ძერბის სათამაშო სტილს მიქაუტაძის მრავალმხრივობა იდეალურად ერგება. ქართველ შემტევს შეუძლია როგორც ცენტრფორვარდად, ისე მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეწევით თამაში.
მისი მთავარი პლუსები მაღალი პრესინგი, შეტევების ზუსტი დაგვირგვინება და ნახევარდაცვასთან კარგი კავშირია. თუმცა, ექსპერტები ყურადღებას ფიზიკურ მონაცემებზეც ამახვილებენ: საჰაერო ორთაბრძოლებში შედარებით დაბალი მაჩვენებლის გამო, ტოტენჰემს მისი გამოყენება უფრო მაღალ ცენტრფორვარდთან წყვილში ან ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ სისტემაში გამოადგება.
დეზებს შეტევის ხაზის გაძლიერება ნამდვილად სჭირდებათ. პრემიერ ლიგაში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ, დე ძერბის გუნდს 12 ქულა აქვს, მე-11 ადგილზე იმყოფება და 10 გოლი აქვს გატანილი.