უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის შეხვედრამდე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, სპორტული გამოცემები მატჩისწინა ანალიზსა და პროგნოზს აქვეყნებენ.
მათი აზრით, გასულ თვეს ბუდაპეშტში განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ ჯვაროსნები რევანშის აღებას ეცდებიან, თუმცა რამაზ სვანაძის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში მიღებული ჯვარედინი მყესების ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, კვარაცხელიას არყოფნაში საქართველოს ნაკრების შეტევის მთავარი ლიდერი გიორგი მიქაუტაძე იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ვილიარეალის 26 წლის ფორვარდს მიმდინარე ერთა ლიგაზე გოლი ჯერ არ გაუტანია, მან 3 სასტარტო შეხვედრაში 8 დარტყმა დააგროვა (მათ შორის, 3 ბუდაპეშტში, უნგრეთის წინააღმდეგ). გამოცემების ვარაუდით, მიქაუტაძე თბილისურ მატჩშიც აქტიური იქნება და მინიმუმ სამჯერ დაარტყამს კარის მიმართულებით.
რაც შეეხება მეტოქეს, უნგრეთის ნაკრებს უბრუნდება მილოშ კერკეზი, რომელმაც გუნდებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. ასევე სრულ მზადყოფნაშია ლივერპულის ნახევარმცველი და გიორგი მამარდაშვილის თანაკლუბელი, დომინიკ სობოსლაი, რომელმაც საჯარიმოს გარედან ოთხჯერ დაარტყა და ორჯერ ქართველი მეკარე თამაშში ჩართო.
საბოლოო პროგნოზის მიხედვით, ფავორიტად სტუმრებს მიიჩნევიან.საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ერთა ლიგის პირველ ოთხ ტურში გამარჯვება არ აქვს (2 ფრე, 2 წაგება), უნგრეთი კი ბოლო სამ მატჩში დაუმარცხებელია, ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიას მისდევს და თბილისში სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.