ფიფამ კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის გამო გამოძიება დაიწყო.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი უკვე მიიღო.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია მიიჩნევს, რომ იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაფორმების პროცესში, შესაძლოა დარღვეული ყოფილიყო საფეხბურთო აგენტების საქმიანობის წესები.
იწერებოდა, რომ მწვრთნელის წარმომადგენელი დიეგო ფერნანდესი საკომისიოს სახით 1.2 მილიონ ევროს მიიღებს.
„როგორც ჩანს, ბატონ დიეგო ფერნანდესს, რომელიც კარლო ანჩელოტის რეალ მადრიდიდან ბრაზილიის ნაკრებში გადასვლაში უწევდა დახმარებას, ამჟამად არ გააჩნია აგენტად მუშაობის არანაირი ლიცენზია." - ნათქვამია წერილში.
ფიფამ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას გამოსთხოვა მოლაპარაკებებისა და გადახდების სრული დოკუმენტაცია, რომელშიც ფერნანდესი მონაწილეობდა, ყველა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და ფედერაციის ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
თავად ფერნანდესი აცხადებს, რომ კონტრაქტის გაფორმების პროცესში არა აგენტის, არამედ უბრალო კონსულტანტის როლს ასრულებდა.
„იმის გამო, რომ მოლაპარაკებები მოკლე ვადებში მიმდინარეობდა, ამ მცირე პერიოდში ფიფაში ჩემი აგენტად დარეგისტრირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
დიეგო აპირებს რომ რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანოს, რათა ამ პროცესის დასრულების შემდეგ შუამავლობით დამსახურებული სამართლიანი ანაზღაურება მიიღოს." - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ანჩელოტის წარმომადგენელმა გაავრცელა.