ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გაგრამ პეტრიაშვილი არენაზე ქუთაისის ტორპედო მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ქუთაისელებისთვის ეს მატჩი უკვე ტრადიციად ქცეული სცენარით წარიმართა, რადგან ანგარიში ისევ მათ გახსნეს, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
შეხვედრის 21-ე წუთზე კომნენ ანდრიჩის დარტყმული ბურთი ზურაბ ჭავჭანიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა და ტორპედო დაწინაურდა. გაგრამ წონასწორობის აღდგენა მატჩის მიწურულს მოახერხა, როდესაც გურამ გოშთელიანმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და რთული პოზიციიდან კარის ბადე შეარხია.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 87-ე წუთზე 10 მოთამაშით დარჩნენ. მსაჯთან კამათისთვის გაგრის კაპიტანმა, მათე ცინცაძემ ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენიმე წამში კი წითელი.