იბერია 1999-მა ისტორია დაწერა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელიც ევროთასების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს - უკანასკნელად ეს 22 წლის წინ თბილისის დინამომ შეძლო.
იბერიამ უეფას კონფერენს ლიგაზე უკვე ორი მატჩი ჩაატარა და წინ კიდევ 4 ევროპული საღამო ელოდება - ამ დროის განმავლობაში კი ჩვენს ბლოგების სერიაში დედაქალაქური კლუბის ფეხბურთელებს გაგაცნობთ.
დღევანდელ ბლოგში იბერიას ათიანის, გუშინდელი, ქუთაისის ტორპედოსთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, ზვიად ნაჭყებიას შესახებ მოგიყვებით.
ზვიადი 1999 წლის 19 აგვისტოს ჩხოროწყუში დაიბადა. ნაჭყებია დინამოს აკადემიის აღზრდილია, ხოლო პროფესიონალური კარიერა ვიტ-ჯორჯიაში დაიწყო და 2019-22 წლებში ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში მცხეთური კლუბის მაისურით 44 მატჩი ჩაატარა - ზვიადმა თავი 18 გოლსა და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა.
2023 წელს ნაჭყებია სამტრედიაში გადაბარგდა, სადაც ეროვნულ ლიგაში 35 შეხვედრა გამართა და 16 გოლში მიიღო მონაწილეობა. 2024 წლის დასაწყისში ზვიადი ჩეხურ ზლინს შეუერთდა.

ნაჭყებიამ ზლინში ორი წელი გაატარა და ჩეხეთის პირველ და მეორე დივიზიონებში ჯამში 48 მატჩი ჩაატარა, ამ დროის განმავლობაში ზვიადი ზლინის მეორე გუნდსაც ეხმარებოდა. ნაჭყებიამ ჩეხეთში სულ 4 გოლი გაიტანა.
2026 წელს გარემარბი სამშობლოში დაბრუნდა და იბერია 1999-ს შეუერთდა. ნაჭყებიამ მიმდინარე სეზონში მოქმედი ჩემპიონების მაისურით 22 შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლი გუშინდელ მატჩში, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გაიტანა.
ზვიადმა ბრწყინვალე გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა და სადებიუტო გოლი გიორგი ბერიძესაც გაატანინა.

ნაჭყებიას საყვარელი თანამედროვე ფეხბურთელი ედენ აზარია, ხოლო ყველა დროის საუკეთესოდ მარადონას მიიჩნევს. ზვიადი ოლდ ტრაფორტზე თამაშზე ოცნებობს. საყვარელი ფილმი ამერიკული კლასიკა ფორესტ გამპია, სატელევიზიო სერიალი კი გაქცევა.