პიერ გასლის მონაკოს გრან პრიზე მოპოვებული პოდიუმი აღუდგინეს მას შემდეგ, რაც ალპინის მიერ შეტანილი საჩივრის მოთხოვნა წარმატებული აღმოჩნდა.
გასულ კვირას მონაკოში ფრანგმა მრბოლელმა რბოლა მე-9 პოზიციიდან დაიწყო და 2 უსაფრთხოების მანქანის (Safety Car) და წითელი დროშის ფონზე მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
მოგვიანებით კი კიდევ 1 პოზიცია მოიგო, როდესაც მერსედესის პილოტმა ჯორჯ რასელმა გვიან ეტაპზე ჯარიმა მოიხადა.
თუმცა, გასლი რბოლის განმავლობაში 2-ჯერ დაჯარიმდა პიტ-ლეინში სიჩქარის გადაჭარბებისთვის და ორივე შემთხვევაში 5-წამიანი ჯარიმა მიიღო. დამატებული დროის გამო ის საბოლოო კლასიფიკაციაში მე-7 ადგილზე დაქვეითდა, რამაც სეზონში მისი პირველი პოდიუმი დააკარგვინა.
რბოლის შემდეგ ალპინმა გადაწყვეტილების გადასახედად პროცედურა დაიწყო. პირველი მოსმენა ხუთშაბათს, ბარსელონას გრან პრის უქმეების დაწყებისას გაიმართა.
ენსტონში დაფუძნებულმა გუნდმა საწყის ეტაპზე წარმატებას მიაღწია, რადგან ახალი, მნიშვნელოვანი და შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა.
შემდგომი მოსმენა გასლის სანქციების გადასახედად ასევე ხუთშაბათს გაიმართა, ხოლო პარასკევს დილით FIA-მ დაადასტურა, რომ ფრანგი პილოტის ორივე 5-წამიანი ჯარიმა გაუქმდა და მონაკოს გრან პრიზე მოპოვებული პოდიუმი აღუდგა.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, რედ ბულის პილოტი ისაკ ჰაჯარი პოდიუმს კარგავს და მე-4 ადგილზე ინაცვლებს, ხოლო მაკლარენის ოსკარ პიასტრი და რეისინგ ბულსის მრბოლელები ლიამ ლოუსონი და არვიდ ლინდბლადი თითო პოზიციით ქვემოთ გადაინაცვლებენ.