ამერიკელი მებრძოლი ჯასტინ გეიჯი კარიერაში, სავარაუდოდ, ბოლო საჩემპიონო შანსისთვის ემზადება.
იანვარში პედი პიმბლეტის დამარცხების შემდეგ, გეიჯიმ მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარზე ბრძოლის უფლება მესამედ მოიპოვა. 14 ივნისს, UFC თეთრი სახლის ისტორიულ ივენთზე, მისი მეტოქე ორი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია იქნება, რომელიც ოქტაგონს მცირე პაუზის შემდეგ უბრუნდება.
გეიჯის, რომელსაც წარსულში ჩემპიონობის შანსი ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ჩარლზ ოლივეირასთან ჰქონდა წაგებული, მიაჩნია, რომ ქართველი ელ მატადორი გაცილებით უფრო სახიფათო გამოწვევაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მებრძოლი, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია.
ნიუარკში გამართულ წინასაბრძოლო პრესკონფერენციაზე გეიჯიმ ილია თოფურიას უმაღლესი შეფასება მისცა და ის ისეთ ლეგენდებზე მაღლა დააყენა, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, მაქს ჰოლოუეი და დასტინ პუარიე არიან:
მიმაჩნია, რომ ხაბიბის შემდეგ, თოფურია ჩემს კარიერაში ყველაზე რთული გამოცდაა. ის სამი ზედიზედ ნოკაუტი ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან, მაქს ჰოლოუეისთან და ჩარლზ ოლივეირასთან უბრალოდ ლეგენდარულია. სწორედ ეს ფაქტი გახდის ჩემს მოგებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს.
ილია თოფურიას მიმდინარე სერია სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ზედიზედ სამი ყოფილი ჩემპიონის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ, იგი ერთდროულად ორ წონით კატეგორიას ლიდერობს.