UFC 327-ზე კურტის ბლეიდსთან გამართული მძიმე წონის კლასიკური დაპირისპირებისა და გამარჯვების შემდეგ ჯოშ ჰოკიტს ორგანიზაციამ სწრაფი დაბრუნება და 14 ივნისს, UFC თეთრი სახლის ისტორიულ ივენთზე დერეკ ლუისთან ჩხუბი შესთავაზა.
ჰოკიტი, რომელიც ვაშინგტონში გასამართი ტურნირის წინ ალექს პერეირასა და ილია თოფურიას მისამართით გაჟღერებული თრეშ-თოქით ისედაც ყურადღების ცენტრშია, არც თავის უშუალო მეტოქეს ინდობს.
დერეკ ლუისი მიმდინარე წელს მძიმე წონაში ნოკაუტების ლიდერის სტატუსით შეხვდა, თუმცა იანვარში ვალდო კორტეს-აკოსტასთან მძიმე ნოკაუტით დამარცხდა. ჰოკიტმა თავისი მომავალი მეტოქის მარცხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ლუისმა დომინიკელი ვარსკვლავის დარტყმების შემდეგ ბრძოლა ნებაყოფლობით შეწყვიტა:
ქაღალდზე ის პატივსაცემი მეტოქეა და მძიმე წონაში ყველაზე მეტი ნოკაუტი აქვს გაფორმებული, თუმცა მე პატივს არ ვცემ მას, ვინც ბრძოლის დროს საკუთარ თავზე ხელს იღებს და ნებდება. სწორედ ეს აჩვენა მან ბოლო მატჩში. მიუხედავად ამისა, ის დიდი სახელია UFC-ში და ეს ორთაბრძოლა ჩემს კარიერას უფრო მეტ მაყურებელს შესძენს, მე კი ამ შანსს მაქსიმალურად გამოვიყენებ.
საინტერესოა, რომ დერეკ ლუისი ამ კონკრეტულ ქარდზე უჩვეულო გზით მოხვდა. ის ივენთზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი მოთხოვნით დაამატეს, რომელმაც დანა უაითს ჰკითხა, თუ რატომ არ იყო ლუისი თავდაპირველ შემადგენლობაში.
ამ ფაქტმა ჯოშ ჰოკიტს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა - მას ეძლევა შანსი, ვაშინგტონში, ქვეყნის პირველი პირების თვალწინ, საკუთარი იმიჯი და მებრძოლის ნიჭი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას წარუდგინოს.