UFC-ის ქალთა შორის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, რონდა როუზიმ, ნეტფლიქსის ისტორიაში პირველი შერეული ორთაბრძოლების ივენთის მთავარ მატჩში გამოსვლის შემდეგ, ხელთათმანები საბოლოოდ ჩამოკიდა ლურსმანზე.
Most Valuable Promotions (MVP) ეგიდით გამართულ შოუზე როუზიმ ჯინა კარანო სულ რაღაც 17 წამში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვებით 39 წლის სპორტსმენმა 2015 და 2016 წლებში UFC-ში განცდილი მძიმე მარცხების შემდეგ კარიერა პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა.
ქალთა შერეული ორთაბრძოლების პიონერი იმედოვნებს, რომ მისი დაბრუნება კარგი მაგალითი იქნება მომავალი თაობისთვის, რომელთაც, როუზის აზრით, სპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ავიწყდებათ.
პრესკონფერენციაზე როუზიმ ღიად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა აკლიათ თანამედროვე მებრძოლებს მისნაირი წარმატების მისაღწევად:
ჩემი მთავარი რჩევაა, რომ პრომოუშენისთვის ზუსტად ისევე თავდაუზოგავად უნდა იშრომოთ, როგორც ვარჯიშებზე. ბევრს უბრალოდ მოედანზე გასვლა და ჩხუბი სურს. მე მესმის ეს, თუმცა ეს ოლიმპიური თამაშები არ არის, სადაც უბრალოდ საქმეს აკეთებ და სახლში ბრუნდები.
შენი სამუშაოს ნაწილია აიძულო ხალხი, რომ შენს ბრძოლას უყუროს. პრომოუშენი არის ამბის თხრობა. უნდა იპოვო ის უნიკალური ისტორია, რასაც შენი და შენი მეტოქის წყვილი ქმნის, ბევრი მებრძოლი კი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს.
თავისი სიტყვების დასამტკიცებლად როუზიმ ნეტფლიქსის ქარდის წინ თავადვე შექმნა ცეცხლოვანი წინასაბრძოლო ისტორია. როდესაც ძიუდოში მისმა ძველმა მეტოქემ და UFC-ის ამჟამინდელმა ჩემპიონმა, ჰარისონმა რონდას დაბრუნებას არარელევანტური უწოდა, როუზიმ პრესკონფერენციაზე ჰარისონი მიწასთან გაასწორა.
მიუხედავად ამ ხმაურიანი სიტყვიერი ომისა, ძველი მეტოქეები ოქტაგონზე ერთმანეთს აღარ შეხვდებიან. როუზიმ 16 მაისის გამარჯვების შემდეგ სპორტიდან საბოლოოდ წასვლა დაადასტურა.