ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ გერმანიის თასის ფინალურ მატჩზე მიუნხენის ბაიერნისა და შტუტგარტის გულშემატკივრები გერმანიის ფეხბურთის კავშირის (DFB) წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტადიონზე კოორდინირებული და ხმამაღალი საპროტესტო აქცია მოეწყო.
შტუტგარტის ფანებმა სექტორში გიგანტური, 15 მეტრის სიგანის ბანერი გაშალეს, რომელზეც DFB-ის გადახაზული ლოგო იყო გამოსახული. ეს ბანერი ტრიბუნების გავლით სტადიონის საპირისპირო მხარეს, ბაიერნის ფანების სექტორამდე მიიტანეს. პარალელურად, ცენტრალურ ტრიბუნაზე გამოჩნდა წარწერა: „მომჩივანი, მოსამართლე, ჯალათი“. ორივე გუნდის ქომაგებმა გამოფინეს შეურაცხმყოფელი ბანერები ფეხბურთის კავშირის მისამართით და რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთობლივი სკანდირებით აპროტესტებდნენ ორგანიზაციის ქმედებებს.
პროტესტის ნიშნად ტრიბუნებზე პიროტექნიკაც აანთეს, რის გამოც მატჩი მე-60 წუთზე მცირე ხნით შეწყდა.
გულშემატკივართა ასეთი მწვავე რეაქცია DFB-ის მიერ ფინალურ შეხვედრაზე დაწესებულმა კატასტროფულად მაღალმა სატრანსპორტო და ბილეთების ფასებმა გამოიწვია. ბაიერნის ფან-კლუბის განცხადებით, ბილეთების ფასები 45-დან 195 ევრომდე მერყეობდა, ამასთან, ორგანიზაციამ ხელოვნურად გაზარდა ძვირადღირებული კატეგორიის ადგილების რაოდენობა.
ფანები აღშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამოც, რომ ასეთ პრესტიჟულ მატჩზე სოციალური პასუხისმგებლობა საერთოდ იქნა იგნორირებული და DFB-მ სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის ტრადიციული ფასდაკლებებიც კი გააუქმა, რათა მაქსიმალური ფინანსური მოგება მიეღო.