2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი გამარჯვებული ბუცებს ლურსმანზე კიდებს - ლუკას პოდოლსკი მიმდინარე ზაფხულს პროფესიონალურ კარიერას დაასრულებს.
გერმანული ფეხბურთისა და კელნის ლეგენდამ ეს გადაწყვეტილება პარასკევს, ინსტაგრამის საშუალებით გამოაცხადა.
ბოლო წლებში პოდოლსკი მშობლიურ პოლონურ კლუბში, გურნიკ ზაბჟეში ასპარეზობდა, სადაც ცოტა ხნის წინ კაპიტნის რანგში ქვეყნის თასის მოგება შეძლო. შაბათს, რადომიაკ რადომის წინააღმდეგ გასამართი საშინაო შეხვედრა მისი გამოსამშვიდობებელი მატჩი იქნება. აღსანიშნავია, რომ კარიერის დასრულების პარალელურად, პოდოლსკი გურნიკ ზაბჟეს მფლობელი გახდა, რის გამოც მისი ფეხბურთიდან წასვლა მოსალოდნელი იყო. პოლონეთში მოპოვებული თასით ის კარიერაში მეხუთე განსხვავებულ ქვეყანაში გახდა ჩემპიონი.
39 წლის თავდამსხმელს, რომელიც ფანებს თავისი ფენომენალური მარცხენა ფეხითა და ქარიზმით დაამახსოვრდათ, შთამბეჭდავი სანაკრებო კარიერა ჰქონდა. გერმანიის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 130 მატჩში მან 49 გოლი გაიტანა, რითაც ბუნდესნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზეა მიროსლავ კლოზესა და გერდ მიულერის შემდეგ.
კარიერის განმავლობაში პოდოლსკიმ სახელი კელნში გაითქვა, რის შემდეგაც მიუნხენის ბაიერნში გადავიდა და 2008 წელს დუბლი შეასრულა. გერმანიის გარდა, მას ლონდონის არსენალში, მილანის ინტერში, სტამბოლის გალათასარაისა და იაპონურ ვისელ კობეში აქვს ნათამაშები. მოედანს მიღმა ლეგენდარული ფეხბურთელი წარმატებულ ბიზნესსაც ეწევა და ნაყინისა და ქაბაბების საკუთარ ქსელს ფლობს.