-
Aa
+
ფონტის ზომა
თქვენ გასულ კვირას ტულუზთან ბოლო წუთებზე დამარცხდით...
„ძალიან რთულია. ამ მატჩიდან რაღაცას ვიმსახურებდით, შესაძლოა არა სამივე ქულას, რადგან ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მაინც მინიმუმ ერთ ქულას. ძალიან მძიმეა, როცა ორჯერ ბრუნდები თამაშში და ბოლოს, ბოლო წუთზე გატანილ გოლს უშვებ. თუმცა, კარგი რაღაცებიც ვაჩვენეთ, დავამტკიცეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. არ ვნებდებით და ასე გავაგრძელებთ.“
მართლაც იყო რაღაცები, რაზეც მომავალ მატჩებში შეგიძლიათ დაყრდნობა...
„დიახ, შეტევაში კარგი რაღაცები ვაჩვენეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, რაც კარგი იყო. მაგრამ გუნდურად საჭიროა, დაცვით ფაზებში უფრო კონცენტრირებულები ვიყოთ. ამაზე ერთმანეთთან და მწვრთნელებთან ერთად ვისაუბრეთ და ვეცდებით, შევცვალოთ რაღაცები.“
როგორ ხსნით სამ გატანილ გოლს, როცა წინა რამდენიმე მატჩში ვერ გაიტანეთ?
„იმიტომ, რომ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს! თითოეულ მატჩში ყველაფერს ვდებთ, მომავალზე ფიქრის გარეშე. ყველას სურს, რომ გუნდი ლიგა 1-ში დარჩეს და ყველაფერს აკეთებს, რომ გულშემატკივრებს კარგი ემოციები აჩუქოს. გვინდა, ვითარება შევცვალოთ.“
ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია
ჯერ კიდევ გჯერათ დარჩენის?
„რა თქმა უნდა! ყოველთვის გვჯერა. ყველამ იცის, რომ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, ზოგჯერ მოულოდნელი რამ ხდება. იმედი გვაქვს, გვჯერა ჩვენი თავის, როგორც ფეხბურთელებს, ისე შტაბსაც. პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ რამე შევცვალოთ.“
როგორც ოქტომბერ-ნოემბერში?
„დიახ, უნდა დავიწყოთ ერთი გამარჯვებით. მერე თავდაჯერება დაბრუნდება და დაგვეხმარება, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ. დიდი ხანია არ მოგვიგია და ეს რთულია. ყველაფერს გავაკეთებთ. პლეი-აუტის ზონა არც ისე შორსაა, მხოლოდ ექვსი ქულაა სხვაობა. ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია.“
გქონიათ თუ არა კარიერაში ასეთი რთული პერიოდი?
„ზოგჯერ, მაგრამ ეს ფეხბურთია. როცა აქ მოვედი, ჩემი მიზანი იყო გუნდს დარჩენაში დავხმარებოდი. სიტუაცია მარტივი არაა, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია.“
იქ მოგებას ვაპირებთ და არა უბრალოდ თამაშს.
რამეს იტყვით მეტოქე რენზე?
„კარგი გუნდია, მაგრამ უკვე დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში. ვფიქრობ კიდეც, რომ ძლიერ გუნდებთან უკეთ ვთამაშობთ. იქ მივდივართ მოსაგებად და არა უბრალოდ სათამაშოდ. უკეთ და უკეთ ვიგებთ, რა სურს მწვრთნელს და იმედი მაქვს, დაცვაში უფრო კონცენტრირებულები ვიქნებით, ნაკლებ გოლს გავუშვებთ და მეტს გავიტანთ, რათა მოვიგოთ.“
ამ სეზონში სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობდით. სად გირჩევნიათ თამაში?
„ჩემი ძირითადი პოზიცია მარჯვენა ფლანგია, სადაც ინდივიდუალურად ყველაზე მეტად შემიძლია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. მაგრამ მარცხენა ფლანგზე გუნდს უფრო მეტად ვეხმარები. ყველა პოზიციაზე მითამაშია, ამიტომ პრობლემა არაა. თუ მკაფიო დავალებები მექნება, ყველაფერს გავაკეთებ.“
ტულუზასთან ასისტიც მარცხენა ფლანგიდან გააკეთეთ...
„ყველაზე მნიშვნელოვანია სამი ქულის აღება. თუნდაც მე არ ვიყო გადამწყვეტი, ჯობს, რომ გუნდმა მოიგოს!“
რენისა და მეცის მატჩი 22 მარტს, 20:15 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები