ოლივერ გლასნერი ნოტინგემ ფორესტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მოწინავე ეტაპზეა.
თუ ეს შეთანხმება შედგა, ავსტრიელი სპეციალისტი კლუბის მე-5 მწვრთნელი გახდება ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში.
გლასნერი ამჟამად თავისუფალი აგენტია კრისტალ პალასიდან წასვლის შემდეგ, სადაც 2024/25 სეზონში ინგლისის FA თასი მოიგო, ხოლო მომდევნო სეზონში კლუბს ქომუნითი შილდისა და უეფას კონფერენს ლიგის ტიტულები მოაპოვებინა.
მოსალოდნელია, რომ 51 წლის ავსტრიელი პრემიერ ლიგაში დარჩება.
გლასნერმა იანვარში დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კრისტალ პალასს დატოვებდა, სადაც 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.
57 წლის ვიტორ პერეირა ნოტინგემ ფორესტის მთავარ მწვრთნელად თებერვალში დაინიშნა. მან 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს.
The Athletic-მა მაისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფორესტი პერეირას მიმართ ნდობის გამოსახატად ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებები მოგვიანებით შეჩერდა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა შონ დაიჩი შეცვალა და სეზონის განმავლობაში ფორესტის მე-4 მუდმივი მთავარი მწვრთნელი გახდა ნუნუ ეშპირიტუ სანტუსა და ენჯ პოსტეკოღლუს წასვლის შემდეგ.
ნუნუმ წინა სეზონში გუნდი ევროპა ლიგის საგზურამდე მიიყვანა, თუმცა ახალი კონტრაქტის გაფორმებიდან სამ თვეზე ნაკლებ დროში, სექტემბერში დატოვა კლუბი.
მის ნაცვლად დაინიშნა პოსტეკოღლუ, მაგრამ ის მხოლოდ 39 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ოქტომბერში გუნდი შონ დაიჩმა ჩაიბარა, რომელიც თავის მხრივ თებერვალში დაითხოვეს.
პერეირას დანიშვნის მომენტში ნოტინგემ ფორესტი გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებდა, თუმცა მან გუნდი გადაარჩინა და პრემიერ ლიგაში ადგილი სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შეუნარჩუნა.
ეს პერეირასთვის პრემიერ ლიგაში მუშაობის მე-2 პერიოდი იყო. მანამდე მან ვულვზი 2024/25 სეზონში გავარდნას გადაარჩინა.