ნოტინგემ ფორესტმა მთავარი მწვრთნელი, ვიტორ პერეირა თანამდებობიდან მოულოდნელად გადააყენა, რამაც გზა გაუხსნა კრისტალ პალასის ყოფილ დამრიგებელს, ოლივერ გლასნერს.
პორტუგალიელი სპეციალისტისთვის კლუბის ეს გადაწყვეტილება სრული შოკი აღმოჩნდა, რადგან მან გუნდს პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა და 1984 წლის შემდეგ პირველად, ევროპა ლიგის ნახევარფინალშიც გაიყვანა. მიუხედავად ამისა, კლუბის მფლობელმა ევანგელოს მარინაკისმა კონტრაქტში არსებული გაწყვეტის პუნქტი გამოიყენა და მწვრთნელი შტაბთან ერთად გაუშვა.
BBC Sport-ის ინფორმაციით, 51 წლის ავსტრიელი სპეციალისტი, ოლივერ გლასნერი უკვე მზად არის გუნდის ჩასაბარებლად და მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. გლასნერი ნოტინგემისთვის ბოლო ერთ წელში მეხუთე, ხოლო 2017 წლის შემდეგ მეთერთმეტე მწვრთნელი გახდება, რაც კლუბში არსებულ უდიდეს არასტაბილურობაზე მეტყველებს. ავსტრიელს, რომელმაც კრისტალ პალასთან ერთად ასოციაციის თასი და კონფერენს ლიგა მოიგო, მარინაკისი ფინანსურ მხარდაჭერასა და ევროთასებზე კვლავ გასვლას სთხოვს.