10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პეპის ათწლიანი ეპოქა მანჩესტერ სიტიში სეზონის ბოლოს დასრულდება. გვარდიოლას სამომავლო გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, გარდა გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციისა, რომელიც გვამცნობს, რომ პეპი იტალიის ნაკრების ჩაბარებას სერიოზულად განიხილავს.
“თუ თავიდან დაწყების რეალური სურვილი არსებობს, მე გვარდიოლათი დავიწყებდი. ვფიქრობ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ოცნებას წინ არაფერი უდგას” - თქვა იმ დროისთვის ჯერ კიდევ ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა, ლეონარდო ბონუჩიმ. დღევანდელ ბლოგში პეპ გვარდიოლას იმ იტალიურ თავგადასავალზე მოგიყვებით, რომელიც 25 წლის წინ დაიწყო და საკმაოდ დიდი როლი ითამაშა მისი მწვრთნელად ჩამოყალიბებაში.
2001 წლის 11 აპრილს, ბარსელონას კაპიტანმა, პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებით სავსე დარბაზში მარტო შესულმა პეპმა იქ მყოფებს განუცხადა, რომ კლუბში გატარებული 17-წლიანი პერიოდისა და 16 ტიტულის მოგების შემდეგ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებდა - 30 წლის ნახევარმცველი ახალი თავგადასავლისთვის ემზადებოდა.
გვარდიოლა ემშვიდობება კამ ნოუს. 2001 წლის ივნისი.
გვარდიოლა ბარსელონას ტიპური განსახიერება იყო - იოჰან კრუიფის ფილოსოფიისა და სტილის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება. ინტელექტითა და პოზიციური თამაშით გამორჩეული ნახევარმცველი. პეპმა ეს თვისებები ბარსელონური ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმოაჩინა - აკადემიიდან მთავარ გუნდამდე. გვარდიოლა ლა მასიელი ნახევარმცველის იდეალურ პროტოტიპად იქცა.
თავისუფალი აგენტი გვარდიოლა მსურველების ნაკლებობას არ განიცდიდა, თუმცა კატალონიელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა. პეპმა ზუსტად არ იცოდა რა გზით სურდა წასვლა კარიერის დასკვნით ეტაპზე. მოახლოებული 2002 წლის მუნდიალი, რომელიც პეპის აზრით ბოლო იქნებოდა მისთვის, გვარდიოლას მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებდა - მას უნდა ჰქონოდა რეგულარული სათამაშო დრო.
თავიდანვე ნათელი იყო, რომ პეპი ესპანეთში დარჩენას არ აპირებდა. გულშემატკივრების მოლოდინი რომ გვარდიოლა რომელიმე ევროპულ გრანდს მიაშურებდა, არ გამართლდა. როგორც ხშირად, პეპმა აქაც არასტანდარტული გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად, კარიერა იტალიის პატარა ქალაქის გუნდში, ბრეშაში განაგრძო.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბრეშაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი, რობერტო ბაჯო თამაშობდა, ლე რონდინელე (ბრეშას ზედმეტსახელი - მერცხლები) სხვა იტალიურ გრანდებთან შედარებით დაბალპროფილურ და ნაკლებად მოდურ გუნდად ითვლებოდა.
„გუნდი თვითონ მოვიდა ჩემთან. ბოლო კვირებში სხვებზე მეტად სწორედ მათ სურდათ ჩემი დამატება.“ - თქვა 30 წლის ნახევარმცველმა წარდგენისას.
კატალონიაში გატარებული 30 წლის შემდეგ, პეპის მთავარი სამომავლო ინტერესი მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლებოდა. მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო კულტურა და ცხოვრების სტილი - ლომბარდია ამისთვის იდეალური ადგილი გამოდგა.
გვარდიოლა ბრეშას მაისურით კიევოს წინააღმდეგ. 2001 წლის ოქტომბერი.
კლუბის პრეზიდენტი ლუიჯი “ჯინო” კორიონი 22-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ყოველთვის ცდილობდა სტადიო მარიო რიგამონტიზე ფეხბურთის ვარსკვლავები ჩამოეყვანა - ჯინომ 1992 წელს გრეგორი ჰაგით დაიწყო, პეპის გადაბირებამდე ერთი წლით ადრე კი ლომბარდიაში რობერტო ბაჯო ჩამოიყვანა.
გვარდიოლამ მოედანზე შებიჯებისთანავე მოხიბლა მისი ახალი მწვრთნელი, ლეგენდარული კარლო მაცონე - იტალიელი გაოცებული იყო თუ როგორ დეტალურად აანალიზებდა თამაშებს კატალონიელი. პეპი თამაშების შემდეგ გუნდთან ერთად განიხილავდა ტაქტიკურ ასპექტებს და მაცონეს საკუთარ იდეებსაც სთავაზობდა. მაშინ როცა ბრეშას ფეხბურთელები გამარჯვებას თუ მარცხის ემოციებში იყვნენ გართულნი, გვარდიოლა გასულ 90 წუთს უკირკიტებდა და თამაშის პრობლემებსა თუ მათი გადაჭრის გზებს ეძებდა.
საფეხბურთო სამყაროს და კარლო მაცონის თავში ერთიდაიგივე კითხვა უტრიალებდათ - რატომ წამოვიდა ბარსას კაპიტანი კამპ ნოუდან მარიო რიგამონტიზე. ბევრ სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთან ერთად, პასუხი ერთი ადამიანი იყო - რობერტო ბაჯო.
„მისტერ, მე ბაჯოსთან თამაში მინდოდა ბაჯოს მითით გავიზარდე. როცა ეს შესაძლებლობა მომცეს, არც კი დავფიქრებულვარ.“ - უთხრა გვარდიოლამ მაცონეს, როგორც მოგვიანებით თავად მწვრთნელმა გაიხსენა.
ბრეშას გულშემატკივარებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ორი ლეგენდის ლე რონდინელეს თეთრ-ლურჯ ფორმაში ნახვა. პეპსა და რობერტოს ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ - ამის ნათელი მაგალითი 2002 წლის 21 აპრილს, ფიორენტინასთან გამართული მატჩია, სადაც ტრავმიდან დაბრუნებული ბაჯო მოედანზე შესვლისას გვარდიოლას კაპიტნის სამკლაურს არ ართმევს. უკან არც პეპმა დაიხია - ძიძგილაობა იქამდე მივიდა სანამ საქმეში მაცონე არ ჩაერთო და ფეხბურთელებს უთხრა რომ “სასიყვარულო დრამა” მალე დაესრულებინათ. საბოლოოდ კაპიტნის სამკლაური იტალიელს დარჩა - ბაჯომ ყოფილი გუნდის კარი ორჯერ აიღო.
გვარდიოლა რობერტო ბაჯოს უკეთებს კაპიტნის სამკალურს. ბრეშა 3:0 ფიორენტინა. 2002 წლის აპრილი.
მიუხედავად იმისა, რომ მაცონე ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ზედმეტი “რომანტიკის” მომხრე არ გახლდათ, გვარდიოლას უანგარობა მაინც დაუფასა:
პეპ, დღეს ჩვენ შენმა ჟესტმა მოგვაგებინა. შენ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდები
გვარდიოლას სეზონი ბრეშაში სკანდალური გამოდგა, დოპინგ სკანდალის გამო, რომელშიც პეპი წლების შემდეგ გამართლდა, კატალონიელმა მხოლოდ 12 მატჩის ჩატარება მოახერხა.
რეპუტაცია დაზიანებულ პეპს საქმეები ესპანეთის ნაკრებშიც გაუფუჭდა. ხოსე ანტონიო კამაჩომ გვარდიოლა 2002 წლის მუნდიალზე არ წაიყვანა - მისი ადგილი ჩავი ერნანდესმა დაიკავა.
ამასობაში იმედგაცრუებულ გვარდიოლას დედაქალაქიდან მოუვიდა შეთავაზება - პეპს ბევრი არ უფიქრია და რომას წინადადებას მაშინვე დათანხმდა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ფაბიო კაპელოს მეთოდებზე დაკვირვება, ნამდვილად არ განეკუთვნებოდა ისეთი შესაძლებლობების სიას, რომელზეც პეპი უარს იტყოდა - გვარდიოლა პანთეონთან ახლოს, იტალიური კულტურის აკვანში დასახლდა.
მაცონეს პეპის გუნდიდან წასვლა არ სურდა, მაგრამ კარლოს რომაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და ამ შესაძლებლობის განსაკუთრებულობას კარგად აფასებდა: „თუ ნამდვილად არ გინდა დარჩენა, მაშინ რომაში უნდა წახვიდე, რადგან ეს შენი გუნდია.“
ფრანჩესკო ტოტი და პეპ გვერდიოლა რომას ვერჯიშზე. 2002.
გვარდიოლას რომაში ტრანსფერი კლასიკური შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც გუნდს ფეხბურთელი რეპუტაციის გამო მოჰყავს და არა მისი მწვრთნელის ფილოსოფიასა და გეგმასთან შესაბამისობის - პეპმა რომაში ნახევარი სეზონი დაჰყო.
მიუხედავად იმისა რომ, გვარდიოლა კაპელოს გეგმებში არ შედიოდა, იტალიელი პეპს პროფესიულ დონეზე უდიდეს პატივს სცემდა. მათ შორის არსებობდა ორმხრივი პატივისცემა - გვარდიოლა ხშირად აკვირდებოდა გამოცდილ იტალიელს, თუ როგორ ატარებდა შეხვედრებს, რა ტაქტიკურ იდეებს იყენებდა და როგორ ურთიერთობდა ფეხბურთელებთან.
„ის იმ რამდენიმე ინტელექტუალთაგანია, ვინც გასახდელში შემხვედრია, ინტელექტუალი იმ გაგებით, რომ ბევრ რამეზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ფეხბურთზე, მაგრამ ასევე ლიტერატურასა და სხვა კულტურულ საკითხებზეც.“ - თქვა კაპელომ გვარდიოლაზე - „არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და არაფერს ამბობენ - გვარდიოლა კი ყოველთვის სწორ სიტყვებს პოულობდა.“
მსგავსი შეფასება ჰქონდა ყოფილ რომაელ შემტევ მარკო დელვეკიოს:
ის უკვე მზად იყო მწვრთნელი გამხდარიყო. მას ფეხბურთზე ძალიან მკაფიო წარმოდგენა ჰქონდა. თამაშს სხვებზე ადრე კითხულობდა.
გვარდიოლა უკვე შეჩვეული იყო თამაშის გვერდიდან ყურებას და იმის გაანალიზებას, თუ რა მუშაობდა და რა არა. „მე სტადიო ოლიმპიკოს სკამი უკეთ ვიცი, ვიდრე მოედანი“ - იხუმრა სტადიო ოლიმპიკოზე ბარსელონას მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნებულამ პეპმა, 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ.
„ის არ იყო ამ კლუბის სამყაროს ნაწილი, მიუხედავად ამისა, ცდილობდა ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის - ჩემთვის და ალბერტო აკვილანისთვის გადმოეცა თავისი ფეხბურთის ხედვა და პრინციპები, რომლებიც შემდეგ ბარსელონაში იყენებდა” - ამბობდა დანიელე დე როსი წლების შემდეგ.
პეპ გვარდიოლა და რობერტო ბაჯო. 2003.
დედაქალაქში გატარებული შვიდი თვის შემდეგ გვარდიოლა ბრეშაში დაბრუნდა, სადაც 2002/03 წლების სეზონი ჩაამთავრა, შემდეგ კი ალ აჰლის მიაშურა. პეპის ბოლო გაჩერება მექსიკური დორადოსი იყო - 2006 წელს კატალონიელმა საფეხბურთო კარიერა დაამთავრა, ერთი წლის შემდეგ კი ბარსელონა ბ ჩაიბარა.
პეპი ყოველთვის ინარჩუნებდა ბრეშასთან ახლო ურთიერთობას. რვა წლის შემდეგ, 2011 წელს კორიონიმ გვარდიოლა ლომბარდიაში სტუმრად მიიწვია, უკვე როგორც მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი - ბარსელონას თავკაცი კლუბის ვარჯიშს დაესწრო, შემდეგ კი ვახშამზეც დარჩა, სადაც პრეზიდენტის ნახევრად ხუმრობით დასმულ კითხვაზე, განიხილავდა თუ არა პეპი ოდესმე მარიო რიგამორტიზე მწვრთნელის რანგში დაბრუნებას, გვარდიოლამ უპასუხა: „პრეზიდენტო, თუ ოდესმე იტალიაში ვიმუშავებ, ეს მხოლოდ ბრეშიასთვის იქნება. და ამას უფასოდ გავაკეთებ.“
ამ დიალოგის შემდეგ 15 წელი გავიდა, ბარსელონაში ორი ჩემპიონთა ლიგისა და კიდევ 12 ტიტულის მოგების შემდეგ, პეპმა გერმანიას მიაშურა - კატალონიელმა ბაიერნში 6 ტიტული მოიგო. 2016 წელს კი გვარდიოლას ცხოვრებაში ინგლისური დომინაციის პერიოდი დაიწყო, რომელიც 10 წელი გაგრძელდა და 2026 წელს დასრულდა. კუნძულზე გატარებული 10 სეზონის განმავლობაში პეპი 6-ჯერ გახდა ინგლისის ჩემიპონი, 3-3-ჯერ მოიგო ასოციაციისა და ინგლისის სუპერ თასები, ხოლო 5-ჯერ ლიგის თასი. გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და გახდა ევროპის სუპერ თასის გამარჯვებული.
რთული სათქმელია, გაწვრთნის თუ არა პეპი ოდესმე სერია A-ს გუნდს, მაგრამ როგორც გაძეტა დელო სპორტი იუწყება, გვარდიოლა სკუადრა აძურის გაწვრთნის შესაძლებლობის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. მშვიდ და ნაკლებად ინტენსიური სამუშაო რიტმი - სანაკრებო სამუშაო პეპის გეგმების ნაწილია და რატომაც არა ქვეყანა, რომელმაც უდავოდ დიდი როლი ითამაშა მის მწვრთნელად ჩამოყალიბებაში. ვინ იცის, შესაძლოა გვარდიოლას მთავარი იტალიური თავგადასავალი ჯერაც წინაა…

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები