მანჩესტერ სიტიდან პეპ გვარდიოლას წასვლის ფონზე, ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯერმეინ პენანტმა საფეხბურთო სამყაროს ნამდვილი ბომბი შემოუგდო.
პენანტი მიიჩნევს, რომ კატალონიელმა სპეციალისტმა კარიერა ენფილდზე უნდა გააგრძელოს და ლივერპულში არნე სლოტი შეცვალოს.
სლოტის მდგომარეობა მერსისაიდზე უკიდურესად დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მან გუნდს პრემიერ ლიგა მოაგებინა, მიმდინარე ჩემპიონატი ლივერპულმა სრულად ჩააგდო, გუნდი მეხუთე ადგილზე ფინიშებს და ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება. სიტუაციას კლუბის შიდა კონფლიქტებიც ართულებს, განსაკუთრებით მოჰამედ სალაჰთან, რომელმაც სოციალურ ქსელში სლოტის ტაქტიკა საჯაროდ გააკრიტიკა.
სწორედ ამიტომ, პენანტი ლივერპულის ხელმძღვანელობას გვარდიოლას ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებს, რომელიც სიტის კვირას, ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ ტოვებს.
„მას ძალიან მოეწონებოდა ლივერპულის გაწვრთნა. შეხედეთ ენფილდის ტრიბუნებს, როცა მოედანზე გადიხარ, პეპს ეს ატმოსფერო გიჟურად უყვარს. პირადად მე საერთოდ არ მაინტერესებს მისი მანჩესტერული წარსული. თუ ჩვენთან მოვა, ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და მოიგებს, მას ხელგაშლილი უნდა შევხვდეთ“, - განაცხადა პენანტმა talkSPORT-ის ეთერში.