არსენალმა 22-წლიანი მოლოდინი დაასრულა და პრემიერ ლიგის საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, რაც გუნდისთვის უზარმაზარ ფინანსურ შემოსავალსაც ნიშნავს. ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში მეორე ადგილზე დამთავრების შემდეგ, მიკელ არტეტამ და მისმა შეგირდებმა მიზანს ტურის დასრულებამდე ერთი მატჩით ადრე მიაღწიეს.
კვირას, არსენალი სეზონის ბოლო შეხვედრას სელჰერსტ პარკზე, კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართავს, სადაც მათ საპატიო დერეფნით შეხვდებიან, მატჩის დასრულების შემდეგ კი გუნდის კაპიტანი, მარტინ ოდეგორი, პრემიერ ლიგის ოფიციალურ თასს აღმართავს. ამავდროულად, ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგისგან ისტორიაში ყველაზე დიდ ფულად ჩეკს მიიღებს.
პრემიერ ლიგის ოფიციალური წესების მიხედვით, ცენტრალური შემოსავლებიდან კლუბები თანხას სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების, დამსახურების პრინციპის მიხედვით იღებენ. ჩემპიონი გუნდი საბაზისო საპრიზო ერთეულის 20-მაგ ოდენობას იღებს, მეორე ადგილზე გასული - 19-მაგს და ასე შემდეგ, ბოლო ადგილოსნამდე.
შედარებისთვის, გასულ სეზონში თითოეული პოზიციის სხვაობა დაახლოებით 2.6 მილიონს შეადგენდა. მაშინ ჩემპიონმა ლივერპულმა მხოლოდ ამ კომპონენტით 53.1 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო ბოლო ადგილზე გასულმა საუთჰემპტონმა 2.6 მილიონი. მიმდინარე სეზონში არსენალის წილი ბევრად უფრო სოლიდური იქნება.
ინგლისის ჩემპიონატის ბონუსის გარდა, არსენალმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით უკვე გამოიმუშავა 120 მილიონზე მეტი. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ 10 დღეში ბუდაპეშტში გასამართ ფინალში ლონდონელები პსჟ-ს დამარცხებას და ისტორიული დუბლის შესრულებას შეძლებენ.