ლონდონის არსენალის გუშინდელმა ნანატრმა გაჩემპიონებამ პრემიერ ლიგის ბოლო 5 წლის სატრანსფერო ბალანსი კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
სანამ მიკელ არტეტას გუნდი ტიტულს ზეიმობს, ბრიტანულმა მედიამ დათვალა, თუ რა დაუჯდათ გრანდებს ეს მარათონი 2021 წლიდან დღემდე.
მნიშვნელოვანი დეტალი: ეს ციფრები ასახავს არა უბრალოდ დახარჯულ ფულს, არამედ კლუბების წმინდა დანახარჯს (Net Spend). ანუ, ახალ მოთამაშეებში გადახდილ თანხას გამოკლებული ის მილიონები, რაც კლუბებმა ფეხბურთელების გაყიდვით თავადვე იშოვნეს.
10. კრისტალ პალასი (-201.47 მლნ ფუნტი)
ლონდონური კლუბი სტაბილურად შუაშია, ყველაზე მეტი (70 მილიონზე მეტი) კი 21/22 წლების სეზონში დახარჯა.
9. ვესტ ჰემი (-317.1 მლნ ფუნტი)
ყველაზე სერიოზული თანხა 22/23 წლებში დახარჯეს, როცა ტრანსფერებში წმინდა ზარალმა 145 მილიონს გადააჭარბა.
8. ნოტინგემ ფორესტი (-328.86 მლნ ფუნტი)
ელიტაში დაბრუნების შემდეგ ნოტინგემმა შემადგენლობა სრულად გადაახალისა, რამაც კლუბი სერიოზულ მინუსში გადაიყვანა.
7. მანჩესტერ სიტი (-397.78 მლნ ფუნტი)
აი, აქ ჩანს წმინდა დანახარჯის აზრი. მიუხედავად იმისა, რომ სიტიმ ბევრი ვარსკვლავი იყიდა, კლუბმა სხვებიც ძვირად გაყიდა. შედეგად, პეპ გვარდიოლას გუნდის სატრანსფერო ბალანსი ბევრ გრანდზე უკეთესია.
6. ლივერპული (-423.75 მლნ ფუნტი)
მერსისაიდელებმა ყველაზე დიდი სატრანსფერო ბუმი მიმდინარე 25/26 წლების სეზონში მოაწყვეს, სადაც 228 მილიონზე მეტი დახარჯეს.
5. ნიუკასლი (-430.61 მლნ ფუნტი)
არაბი შეიხების მოსვლის შემდეგ ნიუკასლმა ფულის ხარჯვა აქტიურად დაიწყო და სტაბილურად ხუთეულშია.
4. ტოტენჰემი (-578.86 მლნ ფუნტი)
დეზები ტრანსფერებში ფულს არ აკლებენ, თუმცა ტიტულებთან ეს ხარჯები მაინც ვერ აახლოებთ.
3. ჩელსი (-643.81 მლნ ფუნტი)
ლონდონელებმა რეკორდული 490 მილიონი 22/23 წლების სეზონში დახარჯეს, თუმცა მიმდინარე სეზონში ბალანსი თითქმის გაათანაბრეს.
2. არსენალი (-675.77 მლნ ფუნტი)
აი, ახალი ჩემპიონებიც! არტეტას პროექტს ხელმძღვანელობამ უზარმაზარი ფინანსური ზურგი გაუმაგრა. არსენალმა მხოლოდ მიმდინარე სეზონში დახარჯა რეკორდული 246 მილიონი, რამაც გუშინდელი ოქროს მედლები მოუტანა.
1. მანჩესტერ იუნაიტედი (-684.61 მლნ ფუნტი)
ხარჯების მეფე მაინც იუნაიტედია. კლუბმა ბოლო 5 წელში ყველაზე მეტი ფული გადაყარა ტრანსფერებში, ფეხბურთელები კარგ ფასად ვერ გაყიდა და შედეგიც სახეზეა, უზარმაზარი მინუსი ბალანსში.
ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე ფეხბურთში პრემიერ ლიგის მოგება სოლიდური ინვესტიციების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. არსენალის ჩემპიონობა შემთხვევითობა არ ყოფილა, ეს იყო მიზანმიმართული, ძვირადღირებული პროექტი, რომელმაც 5 წელში თითქმის 676 მილიონი ფუნტი შეიწირა, თუმცა მიზანს მიაღწია.
მეორე მხრივ, რეიტინგის ლიდერი მანჩესტერ იუნაიტედი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ფულის უაზროდ ხარჯვა წარმატების გარანტია არ არის, თუ კლუბს სწორი მენეჯმენტი და მოთამაშეების მომგებიანად გაყიდვის უნარი არ გააჩნია, როგორც ამას მანჩესტერ სიტი აკეთებს.