ლონდონის არსენალის ვარსკვლავმა, ბუკაიო საკამ კლუბის პირველი პრემიერ ლიგის ტიტულის მოგების შემდეგ კრიტიკოსებს მკაცრად უპასუხა.
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთთან ქულები დაკარგა, არსენალის ბაზაზე ნამდვილი გიჟური ზეიმი დაიწყო.
„22 წელი ველოდით ამას. მანამდე ჩვენზე იცინოდნენ, ხუმრობდნენ, მაგრამ ახლა აღარავინ იცინის!“ - განაცხადა საკამ იურიენ ტიმბერის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ის კლუბის ბაზაზე დამონტაჟებულ პრემიერ ლიგის შავ თასს ანთებს. ეს სპეციალური მაკეტი მიკელ არტეტამ ბაზაზე დიდი ხნის წინ დადგა და ის მხოლოდ ჩემპიონობის შემთხვევაში უნდა განათებულიყო.
არსენალის ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში კრიტიკოსები ხშირად აბრალებდნენ, რომ გადამწყვეტ მომენტში ნერვებმა უმტყუნათ, განსაკუთრებით 19 აპრილს სიტისთან წაგების შემდეგ. თუმცა, გუნდის კიდევ ერთმა აღზრდილმა, მაილს ლუის-სკელიმ შამპანურის ბოთლით ხელში ამ იარლიყს ასე უპასუხა: „მათ თქვეს, რომ გადამწყვეტ მომენტში გავტყდებოდით ახლა კი ეს ბოთლი ჩვენს ხელშია“.
ჩემპიონობა არსენალს ყოფილმა ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმაც მიულოცა:
თქვენ ეს შეძელით. ჩემპიონები მაშინ აგრძელებენ გზას, როცა სხვები ჩერდებიან. ეს თქვენი დროა
კონკურენტების წარმატებას პეპ გვარდიოლაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიკელ არტეტამ და მისმა ბიჭებმა ეს ტიტული უდიდესი შრომით სრულად დაიმსახურეს.
წვეულება ბაზის შემდეგ ემირეიტსის სტადიონთან გაგრძელდა, სადაც ათასობით ფანთან ერთად კლუბის ლეგენდა იან რაიტიც ერთობოდა. ფეხბურთელები, მათ შორის დეკლან რაისი და ებერეჩი ეზე, სტადიონთან დილამდე ზეიმობდნენ. ნანატრ თასს არსენალი კვირას, კრისტალ პალასთან მატჩის შემდეგ აღმართავს, 30 მაისს კი ბუდაპეშტში პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის.