ერლინგ ჰალანდმა მანჩესტერ სიტის მოუწოდა, რომ პრემიერ ლიგის ტიტულის ზედიზედ მეორედ დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მომავალი სეზონისთვის მთავარ მოტივაციად აქციონ. არსენალმა ჩემპიონობა მას შემდეგ გაინაღდა, რაც სიტიმ სამშაბათს ბორნმუთთან ფრე 1-1 ითამაშა.
ნორვეგიელმა თავდამსხმელმა მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და მიმდინარე სეზონში თავისი 27-ე გოლი გაიტანა, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა ვეღარ შეძლო.
მატჩის შემდეგ ჰალანდმა City Studios-თან ინტერვიუში ემოციები ვერ დამალა:
მთელმა კლუბმა ეს მოტივაციისთვის უნდა გამოიყენოს. ჩვენ უნდა გავბრაზდეთ, შიგნიდან ცეცხლი უნდა გვწვავდეს, რადგან ეს შედეგი საკმარისი არ არის. უკვე ორი წელი გავიდა ტიტულის გარეშე და ეს დრო მთელ საუკუნედ მეჩვენება. მომავალ სეზონში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ვინც აქ ვიქნებით, რომ ლიგა მოვიგოთ.
მიუხედავად იმისა, რომ სიტიმ სამი დღის წინ ჩელსი 1-0 დაამარცხა და ასოციაციის თასი მოიგო, რასაც კარაბაოს თასიც ემატება, ჰალანდისთვის პრემიერ ლიგის გარეშე სეზონი მაინც ჩავარდნილია. ფეხბურთელმა გადატვირთულ გრაფიკზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ უემბლიზე გამართული მძიმე ფინალის შემდეგ ბორნმუთში თამაში ადვილი არ იყო, თუმცა თქვა, რომ ეს გამართლება არ არის.