მანჩესტერ სიტიმ პეპ გვარდიოლას მემკვიდრე უკვე შეარჩია - სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან გუნდს ჩელსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ენცო მარესკა უხელმძღვანელებს.
ვინაიდან კლუბი გვარდიოლას წასვლისთვის ბოლო ნახევარი წელია ემზადებოდა, იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე ფინალურ ეტაპზეა.
46 წლის მარესკასთვის მანჩესტერი უცხო ადგილი არ არის. ის გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა სიტის ტრეპლებით დაგვირგვინებულ 2022-2023 წლების სეზონში. მოგვიანებით მან ლესტერი პრემიერ ლიგაში დააბრუნა, ჩელსიში კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და კონფერენს ლიგა მოიგო. მისი სათამაშო სტილი პეპის ფილოსოფიის იდენტურია, აქცენტი ბურთის ხანგრძლივ კონტროლსა და დაცვიდან მოკლე პასებით თამაშზე კეთდება.
თუმცა, მარესკას დანიშვნა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. ის საკმაოდ ფეთქებადი ხასიათისაა, რის გამოც იანვარში ჩელსის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შემდეგ პოსტი დატოვა. გარდა ამისა, ლონდონური კლუბი მიიჩნევს, რომ მარესკამ სიტისთან ფარული მოლაპარაკებები ჯერ კიდევ სეზონის მსვლელობისას, მისი აგენტის, ჟორჟე მენდეშის მეშვეობით დაიწყო. ჩელსი ახლა იურიდიულ გზებს ეძებს და მანჩესტერელებისგან ან თავად მწვრთნელისგან სოლიდურ ფულად კომპენსაციას ითხოვს.
ფანები აცნობიერებენ, რომ გვარდიოლას მიერ დატოვებული სიცარიელის შევსება ნებისმიერისთვის შეუძლებელი მისია იქნება. მიუხედავად ამისა, მარესკას ზურგს თავად პეპის უდიდესი რეკომენდაცია უმაგრებს, კლუბის არაბი მფლობელები კი გადაწყვეტილებებს ყოველთვის ცივი გონებითა და წინასწარი გათვლებით იღებენ.