ლივერპულის ევერტონი შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მთავარ სამიზნედ საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი შეარჩია.
კლუბს მიმდინარე სეზონში გოლების გატანა ძალიან უჭირს. 37 მატჩში მხოლოდ 47 გოლი აქვთ გატანილი და გუნდში არცერთ მოთამაშეს არ აქვს ორნიშნა მაჩვენებელი.
საფრანგეთში გავრცელებული ინფორმაციით, ევერტონი 25 წლის ქართველი ფეხბურთელით ჯერ კიდევ იანვარში ინტერესდებოდა. დავითაშვილმა სენტ-ეტიენში ფენომენალური სეზონი ჩაატარა, სადაც 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. მისი დახმარებით გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და ლიგა 1-ში დასაბრუნებლად პლეი-ოფში ნიცას დაუპირისპირდება.
ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა (13 მილიონი ფუნტი) და მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა ძალაში. სენტ-ეტიენის დაწინაურების შემთხვევაშიც კი ტრანსფერი რეალურია, თუმცა ევერტონი და კიდევ ხუთი დაინტერესებული კლუბი (ოლიმპიაკოსი, ბენფიკა, ბეშიქთაში, ლილი და მონაკო) ოფიციალური წინადადების წარსადგენად პლეი-ოფის დასრულებას ელოდებიან.
თბილისში დაბადებულ ფეხბურთელს, მისი დინამიკური სათამაშო სტილის გამო, ხშირად ადარებენ პსჟ-ს ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას. თუმცა, ტრანსფერზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევერტონის მწვრთნელის, დევიდ მოიესის ფაქტორმა, რომელიც ახალგაზრდა და ახალწვეულ ფეხბურთელებს სათამაშო დროით იშვიათად ანებივრებს.