მანჩესტერ სიტის ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ბარსელონას ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშის დიდი ფანი გახდა.
ფლიკმა კატალონიურ კლუბს ზედიზედ ორჯერ მოაგებინა ლა ლიგა და ორივეჯერ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. თუმცა, ამ კომპლიმენტების ფონზე, გვარდიოლამ ყოფილი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საფრთხეებზე მკაცრად გააფრთხილა.
ჩემპიონთა ლიგის საფრთხე და პროექტების ნგრევა
ახალი კრუიფ კორტის გახსნაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, პეპმა აღნიშნა, რომ ბარსელონა ბოლო ორი წელია ფანტასტიკურ და მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ევროთასებზე წარმატების მიღწევა მხოლოდ სპორტულ მხარეზე არ არის დამოკიდებული. კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ არ მოუგიათ, გასულ სეზონში კი ტურნირს მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ, მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.
ჩემპიონთა ლიგა პროექტებს ანადგურებს. იმედია, ბარსელონას შემთხვევაში ასე არ მოხდება და ამ ტურნირის წაგება ყველაფერს არ გადახაზავს. სტაბილურობას ლა ლიგა გვაძლევს. ჩემპიონთა ლიგაზე კი ფინალამდე უტრავმოდ უნდა მიხვიდე, თანაც ამ ტურნირზე მსაჯების ფაქტორი ზედმეტად დიდია. თუ გუნდი ლიგის ფინალში ვერ გავა, ეს არ ნიშნავს, რომ სეზონი ჩავარდა,
პეპის მომავალი და ტრანსფერები
მანჩესტერ სიტიში გატარებული ათწლიანი ეპოქალური პერიოდის დასრულების შემდეგ, გვარდიოლამ საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასვენება სურს და თავადაც არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.
მან ასევე შეაფასა ბერნარდუ სილვას ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერი და განაცხადა, რომ პორტუგალიელი ზედმეტად კარგი ფეხბურთელია და ნებისმიერ გუნდს მარტივად მოერგება. პეპმა კომპლიმენტები არ დაიშურა ხულიან ალვარესის მისამართითაც.