რედ ბულმა დაადასტურა, რომ ისაკ ჰაჯარი ამ უქმეებზე ნიდერლანდების გრან პრიში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მის ნაცვლად კი რეისინგ ბულსის პილოტი ლიამ ლოუსონი მთავარ გუნდში გადავა.
ფრანგმა პილოტმა სეზონის განახლების წინ მაჯის ტრავმა მიიღო, რის გამოც ზანდვორტის ტრასაზე გასამართ რბოლას გამოტოვებს. ამავე ეტაპზე ჰაჯარის თანაგუნდელი მაქს ვერსტაპენი საკუთარ საშინაო გრან პრიზე იასპარეზებს.
ჰაჯარი, რომელიც ამჟამად ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს და ზედიზედ 7 გრან პრიზე ქულების მოპოვება შეძლო, ლიამ ლოუსონით ჩანაცვლდება.
ახალზელანდიელს რედ ბულის შემადგენლობაში უკვე უასპარეზია, 2025 წლის დასაწყისში მან გუნდში 2 ეტაპი ჩაატარა, რის შემდეგაც კვლავ მის შვილობილ გუნდში დააქვეითეს.
რეისინგ ბულსში ლოუსონი შუა ჯგუფის ერთ-ერთ გამორჩეულ პილოტად იქცა და მოპოვებული ქულების მიხედვით „დანარჩენებს შორის საუკეთესოა“.
ლოუსონის მიერ დროებით გათავისუფლებულ ადგილს კი იუკი ცუნოდა დაიკავებს. იაპონელი ასევე რედ ბულის ყოფილი პილოტია, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ორივე გუნდის ტესტ-პილოტისა და სარეზერვო მრბოლელის როლზე გადავიდა.
ნიდერლანდების გრან პრი ზანდვორტის ტრასაზე 21-23 აგვისტოს გაიმართება.