პსჟ-სა და მაროკოს ნაკრების მცველი, აშრაფ ჰაკიმი საფრანგეთის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარდგება.
ვერსალის სააპელაციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ძალაში დატოვა პროკურატურის მოთხოვნა. 27 წლის ფეხბურთელი 2023 წლის დასაწყისიდან სექსუალური ძალადობის საქმეზე სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, რასაც თავად კატეგორიულად უარყოფს.
სამწლიანი გამოძიება და სასამართლოს ვერდიქტი
საქმე ეხება 2023 წლის თებერვალში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ახალგაზრდა ქალმა პოლიციას შეატყობინა, რომ ფეხბურთელმა ბულონ-ბიიანკურში მდებარე საკუთარ სახლში მასზე სექსუალურად იძალადა. სამწლიანი საგამოძიებო პროცესის შემდეგ, ოდ-დე-სენის სასამართლო ხელისუფლებამ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულიად საკმარისია სრულფასოვანი სისხლის სამართლის პროცესის დასაწყებად.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ჰაკიმმა დაწერა:
სასამართლომ თვალებში ჩამხედა და მითხრა: ცნობილი რომ არ ყოფილიყავი, ეს საქმე საერთოდ არ იარსებებდაო. წლების განმავლობაში დუმილს ვამჯობინებდი. ვფიქრობდი, რომ მოთმინება და მართლმსაჯულების ნდობა სწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანდა
მხარეთა ადვოკატების პოზიცია
დაზარალებული მხარის ადვოკატმა, რაშელ-ფლორ პარდომ კმაყოფილება გამოხატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ელიტარულ სპორტში არსებული დაუსჯელობის სინდრომის დასასრულებლად: „ამ გადაწყვეტილებას ჩემი კლიენტისთვის შვება და იმედი მოაქვს. იმედი იმისა, რომ ეს სასამართლო სხვა ქალებსაც დაეხმარება“.
ჰაკიმის დაცვის მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ უამრავი გამამართლებელი მტკიცებულება უგულებელყო. ადვოკატის თქმით, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ეს საქმე დაიხურებოდა, ახლა კი აჩრაფ ჰაკიმი მოუთმენლად ელოდება სასამართლოს, რათა საჯაროდ ისაუბროს მის წინააღმდეგ მიმართულ ცრუ ბრალდებაზე.
ეს იურიდიული სკანდალი უმძიმეს დროს დაემთხვა მაროკოელ მცველს - ის ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტანია და პარალელურად პარასკევს შოტლანდიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება.