კატალონიის ბარსელონა სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგების განხორციელებას გეგმავს.
კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს რობერტ ლევანდოვსკის გრძელვადიან შემცვლელს, რომელმაც ამერიკულ ჩიკაგო ფაიერში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას მთავარი სამიზნე მიუნხენის ბაიერნის 32 წლის ფორვარდი და ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინია, რომელსაც გერმანულ გრანდთან კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ერთი წელი რჩება.
კატალონელები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის წარმომადგენლებს, თუმცა პირველი სატელეფონო საუბრისას კეინის გარემოცვამ ტრანსფერის შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელი ბუნდესლიგაში თავს ბედნიერად გრძნობს. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა და პირველი უარისა, ბარსელონა დანებებას არ აპირებს და მზად არის, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ბოლომდე შევიდეს. მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.
ამჟამად ჰარი კეინი სრულად არის კონცენტრირებული მუნდიალზე, სადაც თომას ტუხელის გუნდს ლიდერობს და 1/16 ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მატჩისთვის ემზადება. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელის გადმობირება შეუძლებელი აღმოჩნდება, ჰანსი ფლიკის გუნდს სათადარიგო გეგმაც აქვს - კატალონელები მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის კანდიდატურას განიხილავენ, რომელმაც კლუბის დატოვების სურვილი ცოტა ხნის წინ თავადვე გამოთქვა.