ინგლისის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, უეინ რუნიმ, თომას ტუხელი ჰარი კეინის არასწორი მენეჯმენტის გამო გააფრთხილა.
მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანმა პანამასთან მატჩში (2:0) თავისი 82-ე სანაკრებო გოლი გაიტანა, რუნი მიიჩნევს, რომ გერმანელმა სპეციალისტმა წინა მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და ფორვარდი გადატვირთული გრაფიკისგან დაიცვას.
პანამასთან შეხვედრაში ანგარიში ჯერ ჯუდ ბელინგემმა გახსნა, ხოლო მე-67 წუთზე კეინმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ტუხელმა კაპიტანი მოედნიდან მხოლოდ 84-ე წუთზე გაიყვანა, რამაც რუნის უკმაყოფილება გამოიწვია:
„წინა ტურნირებზე ჰარი კეინი ფინალურ ეტაპებზე ყოველთვის გადაღლილი ჩანდა. პანამასთან, როგორც კი ანგარიში 2:0 გახდა და თამაშის ბედი გადაწყდა, ის მაშინვე უნდა შეეცვალა, თუნდაც 20 წუთით ადრე. მატჩის ბოლო მონაკვეთში დაღლილობა პიკს აღწევს და სწორედ მაშინ იხარჯება ყველაზე მეტი ენერგია.
საუთგეიტის დროს ვხედავდით, რომ ის კეინს მოედნიდან თითქმის არასდროს უშვებდა. ახლა „ოქროს ბუცის“ გამო რბოლაში მესი, რონალდუ, მბაპე და ვინისიუსი არიან ჩართულნი, მაგრამ მთავარი ქვეყნის ინტერესებია. იმედია, ტუხელი ისწავლის ამ შეცდომაზე და ჰარის დასვენების შანსს მისცემს, როცა ეს შესაძლებელია“, - განაცხადა რუნიმ BBC Sport-თან.
თომას ტუხელმა მატჩის შემდეგ აქცენტი გუნდის აგრესიულ თამაშსა და სიმტკიცეზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პლეი-ოფში, სადაც ინგლისი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება, გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს.