-
Aa
+
ფონტის ზომა
გაფართოებულმა ფორმატმა გულშემატკივრებს უამრავი დრამა და სიურპრიზი აჩუქა. GOAL-მა გამოაქვეყნა იმ 10 საუკეთესო ნაკრების რეიტინგი, რომლებიც პლეი-ოფის წინ ჩემპიონობის ყველაზე დიდ შანსს ინარჩუნებენ:
თანამასპინძლებმა ტურნირი მძლავრად დაიწყეს, პარაგვაისა და ავსტრალიის დამარცხებით ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდეს. თუმცა, ბოლო ტურში თურქეთთან განცდილმა მარცხმა მაურისიო პოჩეტინოს როტირებული გუნდის სათადარიგო სკამის სიმწირე გამოაჩინა. 1/16 ფინალში ისინი ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდებიან.
მაროკომ ჰაიტისთან მძიმე ბრძოლაში (4-2) მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, სადაც ორჯერ აგებდა. ჯგუფში ბრაზილიასთან ფრემ (1-1) აჩვენა, რომ დიდ თამაშებში გუნდი კარგად ერთვება. აშრაფ ჰაკიმისა და ისმაელ საიბარის ბრწყინვალე ფორმის გათვალისწინებით, მაროკოელები ნიდერლანდებთან მატჩს ოპტიმიზმით ხვდებიან.
იაპონიასთან მძიმე სტარტის (2-2) შემდეგ, რონალდ კუმანის კრიტიკა შვედეთის 5-1 განადგურებამ შეცვალა. ბრაიან ბრობიმ თავისი შანსი იდეალურად გამოიყენა და ტუნისთანაც გაიტანა. 1/16 ფინალში მათ წინ ურტყამს მაროკოს ნაკრები, რაც სერიოზული გამოცდა იქნება.
პორტუგალია ტურნირზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩავიდა, თუმცა ჯგუფში ორჯერ დაკარგა ქულა, მათ შორის კონგოსთან. 41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ უზბეკეთთან დუბლი კი შეასრულა, მაგრამ გუნდის თამაში კითხვებს ბადებს. რობერტო მარტინესის ბიჭებს ურთულესი ბადე აქვთ - ჯერ ხორვატია, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ესპანეთი ელოდებათ.
კიურასაოს 7-1 განადგურების შემდეგ, გერმანელებს კოტ-დ’ივუართან გაუჭირდათ, სადაც დენის უნდავმა გადაარჩინათ. იულიან ნაგელსმანის გუნდის დაცვამ კრიტიკა ეკვადორთან მარცხით (მანუელ ნოიერის შეცდომის გამო) დაიმსახურა. პლეი-ოფში მათ პარაგვაი ელოდებათ, ხოლო შემდეგ ეტაპზე შესაძლოა საფრანგეთს შეხვდნენ.
მაროკოსთან სტარტზე ფრის შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდმა ჰაიტისა და შოტლანდიას 3-0 მოუგო და იმპულსი დაიჭირა. ვინისიუს ჟუნიორი გაუჩერებლად იტანს, მათეუს კუნია ფორმაში შედის, ნეიმარი კი მოედანზე დაბრუნდა. 1/16 ფინალში „სელესაო“ იაპონიას დაუპირისპირდება.
ხორვატიასთან მოგების შემდეგ, ტომას ტუხელის გუნდმა განასა და პანამასთან მძიმე მატჩები ჩაატარა. პანამასთან (2:0) პირველი ადგილი ჯუდ ბელინგემის ბრწყინვალებამ უზრუნველყო. ინგლისი 1/16 ფინალში კონგოს შეხვდება, თუმცა ტუხელს მარჯვენა მცველების ტრავმების კოშმარი აწუხებს.
კაბო-ვერდესთან სენსაციური ფრის (0-0) შემდეგ, ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა, სადაც ლამინ იამალმაც გაიტანა. ურუგვაისთან მძიმე მოგებით (1-0, მუსლერას შეცდომით) ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მომდევნო მატჩს ავსტრიასთან გამართავს.
საფრანგეთს მსოფლიოში ყველაზე საშიში თავდასხმა ჰყავს. კილიან მბაპესა და უსმან დემბელეს ოქროს ბუცის რბოლაში 4-4 გოლი აქვთ, მაიკლ ოლისე კი ბაიერნის დონეზე ასისტებს არიგებს. დიდიე დეშამის გუნდმა ჯგუფი უდანაკარგოდ დაასრულა და 1/16 ფინალში შვედეთთან აშკარა ფავორიტია.
ყველაფერი არგენტინის სასარგებლოდ მიდის. ლიონელ მესი ფენომენალურ ფორმაშია - იორდანიასთან შეცვლაზე შესულმა საჯარიმო გაიტანა, ტურნირზე მე-6 გოლი მიითვალა (ჯამში მუნდიალებზე 19 გოლი) და ზედიზედ მე-7 მატჩში გატანით ისტორიული რეკორდი დაამყარა. მოქმედ ჩემპიონებს პლეი-ოფში საკმაოდ მარტივი ბადე შეხვდათ: ჯერ კაბო-ვერდე, შემდეგ კი ავსტრალია ან ეგვიპტე ელოდებათ, რითაც ფინალამდე დიდ გრანდებს არიდებენ თავს, თუმცა, შესაძლოა, კოლუმბიასთან დაპირისპირებაც ვიხილოთ, რაც გუნდისთვის მარტივი გასეირნება არ იქნება.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები

