• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
იამაიკის ევროპული ვოიაჟი
ფეხბურთიფეხბურთი

იამაიკის ევროპული ვოიაჟი

10 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

... 1997 წლის 16 ნოემბერი, კინგსტონი, სტადიონი „ინდიპენდენს პარკი“, 35 ათასზე მეტი იამაიკელის ლოცვა, მეტოქე მექსიკა და ოცნება ნანატრი საგზურისთვის სადებიუტო მუნდიალზე. კარიბის ზღვის კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც საუკუნეებით ადრე თავზეხელაღებულ მეკობრეთა მთავარ ნავთსაყუდელს წარმოადგენდა, დიად მომენტს მრავალი წელი ელოდა...


სამი საკვალიფიკაციო რაუნდი წელიწადნახევარში, 19 მატჩი, მე-3 ადგილი სატურნირო ცხრილში და ორქულიანი უპირატესობა უახლოეს მდევარ კოსტა რიკასთან - ასეთი სურათი დახატა იამაიკამ საფრანგეთის მსოფლიო პირველობისთვის CONCACAF-ის ზონაში ბრაზილიელი თავკაცის, რენე სიმოესის ხელითა და „რეგის ბიჭების“ შესრულებით. 


იამაიკის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში გადაწყდა, როდესაც Reggae Boyz-მა საკუთარ მოედანზე მექსიკასთან ნერვიულ დაპირისპირებაში უგოლო ფრე ითამაშა, პარალელურად მიმდინარე დრამატულ შეხვედრაში კი, რომელსაც სხვათა შორის, ლეგენდარული პიერლუიჯი კოლინა მსაჯობდა, მთავარმა კონკურენტმა სალვადორმა სტუმრად მასაჩუსეტსში წააგო.



მექსიკასთან ჯახში მინდორზე ნოტიო ჰაერი ისედაც დაძაბულ ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძიმებდა. რენე სიმოესის ფეხბურთელები უშეცდომოდ ირჯებოდნენ, გულშემატკივრები კი ღელავდნენ მანამ, სანამ არ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაიან მაკბრაიდის დუბლით ამერიკელებმა საწყის ნახევარ საათში სოლიდური უპირატესობა იგდეს ხელთ, მეორე ტაიმის სტარტზე კი სხვაობა სამბურთიანი გახადეს. იამაიკელებმა ზეიმი დაიწყეს, ტრიბუნები ერთხმად გუგუნებდა შეძახილით: France! France! France!, თუმცა რიტმული ცეკვა მღელვარებაში გადაიზარდა, როდესაც სალვადორელებმა ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს... საბოლოოდ, იამაიკელებს კეთილ ჯადოქრად პრედრაგ „პეკი“ რადოსავლევიჩი მოევლინათ, რომელმაც მეტოქე გუნდი ფოქსბოროს სტადიონზე მეოთხე გოლით დასაჯა და იამაიკური ოცნებების ყველაზე გიჟური ასრულება რეალობად აქცია.


„სიტყვებით ვერ აღვწერ ამ გრძნობას“, - იხსენებდა სათადარიგო მეკარე აარონ ლოურენსი, როდესაც კინგსტონში არბიტრის საფინალო სასტვენი გაისმა და დედაქალაქური სარბიელის მინდორზე, ფეხბურთელები, მწვრთნელები და ქომაგები სირბილით შეიჭრნენ...  



მუნდიალზე გასვლის დღე პრემიერ-მინისტრმა პ. ჯ. პატერსონმა ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა, პოლიციის მიერ კი ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მთავრობამ გმირ ფეხბურთელებს შეღავათიანი სესხები და სხვა სარგებლიანი წინადადებები შესთავაზა, ქვეყანა ზეიმმა მოიცვა...


იამაიკის საფეხბურთო ნაკრების ეს მიღწევა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჰორას ბარელის (1950 – 2017) მიერ გაწეული რევოლუციური შრომის დამსახურებაც იყო. ქვეყნის თავდაცვის ძალების ყოფილმა კაპიტანმა, იამაიკის ფეხბურთის ხელმძღვანელად დანიშვნამდე სამი წლით ადრე, არაერთი წარმატებული ბიზნესი ააშენა, მთავარ მისია კი ერთადერთი ჰქონდა - სამშობლოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა. როდესაც მან მექსიკასთან ისტორიული მატჩის შემდეგ მოედანზე ცრემლმორეულმა მისცა ინტერვიუ, მისი მიზანი ახდენილი იყო, მისია კი - შესრულებული.



წარმატებაში ბარელის წვლილი მართლაც მნიშვნელოვანი გხლდათ: მან მიიყვანა ბრაზილიელი სპეციალისტი რენე სიმოესი გუნდში და არაერთ ინგლისში დაბადებულ წარმოშობით იამაიკელ ფეხბურთელს მისცა ნაკრებში თამაშის შანსი.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იამაიკიდან დიდ ბრიტანეთში უამრავი იამაიკელი ემიგრირდა. მათი ფეხბურთელი შთამომავლები იყვნენ სიმოესის გუნდის ცნობადი სახელები ისტორიულ შესარჩევ ეტაპსა და საფრანგეთის მუნდიალზე: ფრენკ სინკლერი, რობი ერლი, მარკუს გეილი, ფიცროი სიმპსონი, დერილ პაუელი, პოლ ჰოლი და დიონ ბარტონი, რომელთაც საკლუბო დონეზე წუთიც არ უთამაშიათ იამაიკაში.



სხვათა შორის რობი ერლს ეკუთვნის უკბილო იუმორნარევი ფრაზა, რომელიც მან თავისთვის უცნობ სამშობლოზე თქვა: „ფეხი რომ მომტყდეს იამაიკაში, იქნება ადგილზე ანესთეზიოლოგი თუ ბამბუკის ჯოხების არტაშანს დამადებენ?“ 


ფეხბურთელის უტიფარი სიტყვები შეურაცხმყოფელად ჟღერდა, მაგრამ იმ პერიოდში ეს ლეგიტიმური კითხვაც იყო - იამაიკა ხომ სიღარიბით, კრიმინალური დაჯგუფებებით, ნარკოტიკებითა და სხვა უარყოფითი თავისებურებებით გაჟღენთილი ქვეყანა იყო. პატერსონიც ქვეყნის არასტაბილური სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერების დაპირებით აირჩიეს პრემიერად 1993 წელს.


იამაიკელთათვის შესარჩევი ციკლის გმირად სწორედ ინგლისში დაბადებულ-გაზრდილი თავდამსხმელი დიონ ბარტონი იქცა, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში ბოლო მატჩებიდან ჩაერთო. იმხანად „დერბი კაუნტის“ უცნობმა ფორვარდმა 1997 წლის 7 სექტემბერს სადებიუტო შეხვედრაშივე გამოიჩინა თავი - იამაიკის ნაკრებმა შინ სწორედ მისი ერთადერთი გოლით დაამარცხა კანადა. ბარტონმა ხუთი დღის მერეც გაიტანა, ამჯერად - ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ კოსტა რიკასთან, ანგარიში კი იგივე დაფიქსირდა, ხოლო რამოდენიმე კვირაში სტუმრად შეერთებულ შტატებს გაუთანაბრა, რა დროსაც „რეგის ბიჭებმა“ უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღეს ვაშინგტონიდან...



საფრანგეთში ჩასულმა ეგზოტიკური ქვეყნის შვილებმა თავი ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს დაამახსოვრეს. როგორც ფრენკ სინკლერი ნატრობდა, მას არ სურდა მუნდიალზე ეთამაშა გუნდში, რომელიც სამივე მატჩს წააგებდა და გოლს ვერ გაიტანდა. „რეგის ბიჭებმა“ კი გოლებიც გაიტანეს და შეხვედრაც მოიგეს: იმ ტურნირის აღმოჩენა-გუნდს, ხორვატიის ნაკრებს გოლი რობი ერლმა გაუტანა, იაპონიასთან მოგებულ პრესტიჟის მატჩში (2:1) კი თეოდორ უიტმორმა დუბლით გამოიჩინა თავი.



ასეთია კარიბის ზღვის კუნძულელთა ევროპული ვოიაჟის ისტორია. იმ ქვეყნის, რომელმაც 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპები ფინანსური პრობლემების გამო გამოტოვა და რომლის საფეხბურთო მსაჯებიც თამაშების დროს ხშირად ატარებდნენ იარაღს თავის დასაცავად...


იამაიკა ახლაც საფეხბურთო ბრძოლაშია. პატარა გუნდს, რომელსაც ამჟამად დროებითი მწვრთნელი უდგას სათავეში, 2026 წლის მსოფლიო პირველობაზე მოხვედრას საერთაშორისო პლეი-ოფში ახალი კალედონია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეცილება. ნაკრები ჯერ კიდევს „ჩალიჩობს“ ინგლისში დაბადებულ-გაზრდილი მეისონ გრინვუდის გადაბირებას, რათა კიდევ ერთხელ აიხდინოს ოცნება და საფეხბურთო სამყაროს თავისი არსებობა კიდევ ერთხელ შეახსენოს. როგორც ერთ ცნობილ სიმღერაშია: სენსემილია ხომ ყველასთვის სამყოფია იქამდე, სანამ რეგი ჟღერს ბობ მარლის, გრეის ჯონსის, უსეინ ბოლტის, დრედებიანი გულღია რასტამენების, მცხუნვარე მზისა და ოქროსფერი სანაპიროების ქვეყანაში.

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზიდანის გაძევების საიდუმლო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზიდანის გაძევების საიდუმლო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინო: „აქამდე მსგავსი რამ არცერთ მუნდიალზე არ ყოფილა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინო: „აქამდე მსგავსი რამ არცერთ მუნდიალზე არ ყოფილა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალამდე სამი თვით ადრე — მაროკოს ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალამდე სამი თვით ადრე — მაროკოს ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

კრიშტიანუ რონალდუს უჩვეულო თერაპია: როგორ ემზადება ვარსკვლავი მუნდიალისთვის

News image

06 მარ, 2026

ზიდანის გაძევების საიდუმლო

News image

10 მარ, 2026

ინფანტინო: „აქამდე მსგავსი რამ არცერთ მუნდიალზე არ ყოფილა"

News image

06 მარ, 2026

მუნდიალამდე სამი თვით ადრე — მაროკოს ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება