-
Aa
+
ფონტის ზომა
,,ძვირფასო როქსან,
გახსოვს, ერთხელ ვიღაცამ მანჩესტერ იუნაიტედის ყალბი მაისური რომ მიყიდა და ზურგზე შავი მარკერით „რონალდუ 7“ დავაწერე?
ჩვენ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა მდიდარი ან ღარიბი. ჩვენ მხოლოდ ბედნიერება ვიცოდით.
გახსოვს, აბიჯანში ერთ სახლში 25 ადამიანს რომ გვეძინა? დედას თავისი სერიალების ყურება უნდოდა, დანარჩენებს კი ფილმების. გახსოვს, როგორ ვიტყუებოდი, თითქოს მეძინა, მერე კი შუაღამის შემდეგ ტელევიზორის ოთახში შევდიოდი? ხმას სულ ორზე ვაყენებდი და სიბნელეში ფეხბურთს ვუყურებდი, თან ვოცნებობდი.
გახსოვს, უფროსებმა მტვერში თამაშისას „რობერტო კარლოსი“ რომ შემარქვეს, რადგან ძლიერად ვურტყამდი? და გახსოვს, შინაგანად როგორ ვბრაზდებოდი, რადგან ჩემი კუმირი CR7 იყო?
გახსოვს, სახლიდან ძალიან შორს რომ წავედი სათამაშოდ? მხოლოდ 9 წლის ვიყავი. „ინტერ ფუტ სუდ კომოე“, განის საზღვართან. პატარა ბიჭი სრულიად მარტო. არ ვიცი, ეს ამბავი ოდესმე თუ მოგიყევი, მაგრამ მე და სხვა ბავშვები სოფელში შევდიოდით და კარტოფილს ვიპარავდით, რადგან ძალიან გვშიოდა. ნამდვილი „ბანკის ძარცვა“ იყო. ორი ბავშვი გამყიდველს ყურადღებას უფანტავდა, 18 ბავშვი კი ორ-ორ კარტოფილს იპარავდა. არც ისეთი გემრიელი იყო, მაგრამ ჩვენ საოცრად გემრიელად გვეჩვენებოდა. ჰაჰაჰა. დღემდე ჩემი საყვარელი საჭმელია. მოხარშული კარტოფილი ცოტა ზეთით. იმ დღეებს მახსენებს.
გახსოვს, პირველი ნამდვილი ბუცები რომ მივიღე და მათთან ერთად მეძინა? ბავშვობაში ყოველთვის თეთრი პლასტმასის სანდლებით ვთამაშობდი. ახლაც, როცა სახლში ვბრუნდები, ისევ მათით ვთამაშობ. ეს ჩვენი ტრადიციაა.
გახსოვს, სახლში რომ ვბრუნდებოდი და შენ ჩემს უბნელ მეგობრებს ეუბნებოდი:
რატომ შეწყვიტეთ ვარჯიში? იანი მანქანებს არ გიყიდით. თქვენც უნდა იშრომოთ.
მაშინ მხოლოდ 10 წლის იყავი და უკვე ჩემი აგენტი იყავი.
გახსოვს, როგორ ვსხდებოდით და საფრანგეთში გადასვლაზე ვოცნებობდით? როგორ ვაპირებდით საყიდლებზე სიარულს, საკუთარი ბინის ქონას, მე მდიდარი ფეხბურთელი უნდა გავმხდარიყავი მანქანებითა და დიდი სახლით, შენ კი აღარაფერზე უნდა გენერვიულა. შენ იყავი ერთადერთი, ვისაც სჯეროდა, რომ შემდეგი კრიშტიანუ შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაშინ, როცა სხვები იცინოდნენ.
გახსოვს, 15 წლის ასაკში ამერიკაში რომ გადავედი საშუალო სკოლის გამო და როგორ მომენატრა სახლი? თვეების განმავლობაში ვერავის ვუგებდი. გვერდით ფრანგი ბიჭი დამისვეს, რომელიც მასწავლებლის ნათქვამს მითარგმნიდა. გახსოვს, როგორ დაგირეკე და გითხარი:
ვერ დაიჯერებ, აქ ბავშვები მასწავლებლებს ეკამათებიან.
სახლში ხომ ჩვენ უფროსებს თვალის დახამხამებასაც ვერ გავუბედავდით.
გახსოვს, როგორ ვერ ვიჯერებდი, რომ ბავშვები სკოლის შემდეგ სიგარეტს ეწეოდნენ?
შენ ამბობდი, თითქოს ამერიკულ სერიალში ვცხოვრობდი.
გახსოვს, ბორნმუთში, ჩელსიში, რეინჯერსში, ოლიმპიაკოსსა და კრისტალ პალასში სინჯებზე რომ ვიყავი? ეზე და ოლისე ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს:
ჰეი, ბავშვო, მართლა ძალიან კარგი ხარ.
მაგრამ მაინც არ გამაფორმეს.
MLS-ის მეორე გუნდებსაც კი არ ვუნდოდი. მიზეზიც არ მითხრეს. ყველაფერს უფროსები აგვარებდნენ. ევროპაში დამატარებდნენ და ყველგან უარს მეუბნებოდნენ.
ვიზის ვადა ამომეწურა. ოცნება დასრულდა. აფრიკაში დამაბრუნეს და ერთად ვტიროდით.
შენ იყავი ის, ვისაც არასოდეს შეუწყვეტია რწმენა. რამდენიმე კვირაში ლეგანესში მოვაწერე ხელი და სხვანაირი ცრემლებით ვიტირეთ.
მაშინ ჯერ კიდევ მქონდა ემოციები. ახლა კი არაფერს ვგრძნობ. თითქოს ადამიანიც აღარ ვარ. შენი სიკვდილის შემდეგ შიგნით სიცარიელეა.
მგონი, იმ დღესაც არ მიტირია, როცა მითხრეს, რომ აღარ იყავი. უბრალოდ შოკში ვიყავი.
ეს ყველაფერი რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა, რაც ლეგანესში დებიუტი მქონდა. ვის აქვს 18 წლის ასაკში დებიუტი მადრიდის რეალის წინააღმდეგ? ეს ოცნება იყო.
და შემდეგ კოშმარად გადაიქცა. ვიღაც გამუდმებით მირეკავდა სახლიდან. გავბრაზდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ წყვეტდნენ დარეკვას.
საბოლოოდ, ვუპასუხე და არც კი შემიმსუბუქეს ამბავი. ხომ იცი, როგორ ხდება ჩვენთან. ემოციების გარეშე. უბრალოდ...
- შენი და აღარ არის.
- რა?
- გარდაიცვალა.
- რას ამბობ?
- წვეულებაზე ვიღაცამ სასმელში რაღაც ჩაუყარა და ვეღარ გაიღვიძა. აღარ არის.
შენ მხოლოდ 15 წლის იყავი.
15.
არასოდეს მიმიღია პასუხები. არც კი ვიცი, მინდა თუ არა სიმართლის ცოდნა. შესაძლოა შური იყო. შესაძლოა, ეს უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება. იქნებ მე უნდა დამეცავი. არ ვიცი.
ვცდილობ, ღმერთის გეგმას ვენდო. სხვა არაფერი შემიძლია.
დავწერე ეს, რადგან ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. დავწერე, რადგან მინდა იცოდე, რომ შენს სახელს ცოცხალს შევინარჩუნებ. ვიზრუნებ, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს შენი სახელი.
ყველაფერს, რასაც ფეხბურთის მოედანზე ვაკეთებ, შენთვის ვაკეთებ.
ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახე... ვერ დაიჯერებდი. მეც კი მიჭირს დაჯერება.
იცი, რა არის სიგიჟე? რეალთან დებიუტის შემდეგ მაისური კილიან მბაპესთან გავცვალე. გახსოვს, ტელევიზორში რომ ვუყურებდით და შენ ამბობდი:
მბაპე? კი, კარგია. მაგრამ ჩემი ძმა უკეთესია.
ერთ რამეში შევცდი. მდიდარი აღარ მინდა ვიყო. ვხედავ, რას უკეთებს ფული ადამიანებს, ოჯახის წევრებსაც კი. როცა ლეგანესში ვიყავი, ყველაფერს სახლში ვაგზავნიდი. იქამდე მივედი, რომ ფული საერთოდ აღარ მინდოდა. ტვირთად მექცა. თხოვნას არასოდეს წყვეტდნენ. ალბათ ეგონათ, უკვე მილიონერი ვიყავი. ბინაც კი არ მქონდა. სავარჯიშო ბაზაზე ვცხოვრობდი, ოთახში, სადაც ტელევიზორიც არ იყო. მხოლოდ ფეხბურთი და ძილი, ფეხბურთი და ძილი.
არც დიდი სახლი მინდოდა. არც მანქანები. მხოლოდ ის მინდოდა, ყველაფერი ფეხბურთისთვის მიმეძღვნა. ყველაფერი იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა - ჩემი და მართალი იყო.
ჰა... ამაზე გაგეცინება.
როცა ლაიფციგში გადავედი, ყოველთვის ვაგვიანებდი. უფრო სწორად, დროზე მივდიოდი, რაც გერმანიაში დაგვიანებას ნიშნავს.
და იცი, რა გავაკეთე? ყველგან 90 წუთით ადრე მივდიოდი. იმდენად ადრე, რომ ბიჭებმა „გერმანელი“ შემარქვეს.
ყველაფერში გადაჭარბება მჩვევია. არასდროს ვმშვიდდები. ამას ყოველთვის მეუბნებოდი.
მოედანი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს სახლში ვგრძნობ. იქ მშვიდად ვარ და შენთან საუბარიც შემიძლია.
მხოლოდ ის მინდა, რომ ისევ აქ იყო და მეთქვა... ჩვენ შევძელით.
ყველაფერი, რასაც ამბობდი, ახდა.
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე მივფრინავთ. ნამდვილად. შენი ძმა კოტ-დ’ივუარის ნაკრებში ითამაშებს - როგორც დროგბა, იაია ტურე, ჟერვინიო.
ამას უბრალოდ თამაშად არ აღვიქვამ. ჩემთვის ეს სცენაა. ეს ჩემი შანსია, მთელ მსოფლიოს ვაჩვენო ის, რაც შენ ჩემში დაინახე. ყოველ ჯერზე, როცა გავიტან, ვიზრუნებ, რომ ყველამ შენი სახელი იცოდეს. ვიზრუნებ, რომ არ დაგივიწყონ.
შენ ყოველთვის ამბობდი, რომ კრიშტიანუზე უკეთესი შეიძლებოდა ვყოფილიყავი. თუ მას იქ შევხვდები, შენს მაგივრად მივესალმები.
გავაკეთებ იმას, რაც შენ იწინასწარმეტყველე, გეფიცები. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნამდვილი ბუცებიც არ მქონდა, ყველას ეუბნებოდი:
ჩემი ძმა ერთ დღეს მსოფლიოში საუკეთესო გახდება.
დავამტკიცებ, რომ მართალი იყავი. ან ამას ვეცდები სიცოცხლის ბოლომდე.
შენი ძმა, იანი"

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

