ქართულ საფეხბურთო სივრცეში იბერია 1999-ის გავლილი გზა უპრეცედენტო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორად დაგეგმილმა მენეჯმენტმა და გრძელვადიანმა ხედვამ ადგილობრივი აკადემია საერთაშორისო დონის საფეხბურთო პროექტად აქციოს.
1999 წლიდან მოყოლებული, კლუბის მთავარ ფილოსოფიას ახალგაზრდა ტალანტების აღზრდა, თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვა და ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდ ევროპულ ფეხბურთში გზის გაკაფვა წარმოადგენს. ეს პროცესი არ ყოფილა შემთხვევითი წარმატება, არამედ წლების განმავლობაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მწვრთნელთა მუდმივი გადამზადების ლოგიკური შედეგია.
აკადემიის დონეზე მიღწეული შედეგები ჯერ კიდევ წლების წინ მიანიშნებდა იმ უდიდეს პოტენციალზე, რაც კლუბში იქმნებოდა. საერთაშორისო არენაზე ასპარეზობისას იბერია 1999-ის ასაკობრივმა გუნდებმა ისეთი ევროპული გრანდების დამარცხება შეძლეს, როგორებიც არიან ატლეტიკო, მალაგა და ვიტესი. ეს გამარჯვებები ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბავშვობიდანვე უყალიბებდა გამარჯვებულის მენტალიტეტს და ევროპულ გუნდებთან უშიშრად თამაშის ჩვევას.
გარდა ამისა, U19 გუნდი გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელმაც უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე იასპარეზა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი აღმოჩნდა.
აკადემიაში დანერგილმა 6-დან 18 წლამდე ფეხბურთელთა განვითარების სისტემამ კლუბს საშუალება მისცა, საკუთარი აღზრდილებით ჯერ პირველი ლიგა მოეგო, ხოლო უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შემდეგ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ მთავარ ძალად ქცეულიყო. სამჯერ მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული და სამჯერ აღმართული საქართველოს თასი იმ სტაბილურობის დასტურია, რაც კლუბს შიდა არენაზე გააჩნია.
ევროტურნირებზე სადებიუტო შეხვედრაში ტირასპოლში შერიფის 3:0 დამარცხებიდან დაწყებული, ევროპის კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე მოხვედრით დამთავრებული, იბერია 1999-მა დაამტკიცა, რომ ქართულ კლუბს ევროპულ დონეზე კონკურენტუნარიანობა შეუძლია.
კლუბის მუშაობის მთავარი ინდიკატორი კი ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ქართველი ფეხბურთელების გაყვანაა. ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი პორტუგალიურ ფამალიკაოში ნათელი მაგალითია იმისა, რომ იბერია 1999-ში გატარებული წლები ახალგაზრდებისთვის ევროპის ტოპ-ლიგებისკენ მიმავალი პირდაპირი ხიდია.
აკადემიიდან დაწყებული საერთაშორისო აღიარებით დამთავრებული, კლუბი აგრძელებს განვითარებას და ამტკიცებს, რომ სწორი ხედვითა და პროფესიონალიზმით ქართულ ფეხბურთში უმაღლესი მიზნების მიღწევა რეალურია.
იბერია 1999 vs დინამო თბილისი - ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ