-
Aa
+
ფონტის ზომა
იაგელონია - იბერია 1999
ჩრდილოირლანდიური ლარნეს დამარცხების შემდეგ იბერია 1999 ევროპა ლიგის პლეი-ოფში პოლონურ იაგელონიას დაუპირისპირდება. მატჩი ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, ბელოსტოკში თბილისის დროით 20:00-ზე გაიმართება.
თავის მხრივ იაგელონიამ მესამე ეტაპზე შოტლანდიური ფეხბურთის ფლაგმანი გლაზგოს რეინჯერსი გამოაგდო - პოლონელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3-1 დაამარცხეს. იბერია პოლონური კლუბის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს - წარუმატებლობის შემთხვევაში კი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობს თამაშს.
პსჟ - რენი
საფრანგეთის სუპერ თასზე წარუმატებლობის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდისთვის ლიგა 1 იწყება - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში შინ რენს მიიღებს. მატჩი კვირას, 23 აგვისტოს, 23:45-ზე გაიმართება.
ფროზინონე - იუვენტუსი
ბრწყინვალე ფორმაში ხვდება სერია ა-ს ახალ სეზონს გიორგი კვერნაძე - ქართველმა შემტევმა ბოლო ორ მატჩში 2 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. გამორჩეული იყო კვერნაძე იტალიის თასზე გამართულ ფროზინონეს ბოლო შეხვედრაში - გარემარბმა იუვე სტაბიას კარი ორჯერ აიღო, ხოლო ერთხელ თანაგუნდელს გაატანინა.
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ფროზინონე შინ იუვენტუსს მიიღებს - მატჩი კვირას, 23 აგვისტოს, 20:30-ზე გაიმართება.
ატლეტიკო - ვილიარეალი
ვილიარეალმა ლა ლიგა გიორგი გულიაშვილის რასინგთან ფრით დაიწყო - მიქაუტაძე საგოლე გადაცემით გამოირჩა, გულიაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში ყვითელი წყალქვეშა ნავი კიდევ ერთ საგარეო შეხვედრას ჩაატარებს, ამჯერად მადრიდში - ატლეტიკოსა და ვილიარეალის მატჩი კვირას, 23 აგვისტოს, 19:00-ზე გაიმართება.
სენტ-ეტიენი - გრენობლ ფუტი
ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა. ორი ტურის შემდეგ ქართველის კლუბი ლიგა 2-ის ცხრილს 6 ქულით ლიდერობს - დავითაშვილმა სოშოსთან 21 წუთი ითამაშა, ხოლო კლერმონთან 31 წუთი დაჰყო მოედანზე. მესამე ტურში სენტ-ეტიენი გრენობლ ფუტის მიიღებს - მატჩი შაბათს, 22 აგვისტოს, 22:00-ზე გაიმართება.
ჰაიდენჰაიმი - ბაიერნი; იდელოფი - ჰაიდენჰაიმი.
ორ მატჩს გამართავს ამ კვირაში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი. ქართველის გუნდი პირველ შეხვედრას სამშაბათს, 18 აგვისტოს მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ჩაატარებს - ამხანაგური მატჩი სტარტს 20:00-ზე აიღებს. კვირას, 23 აგვისტოს კი ჰაიდენჰაიმი გერმანიის თასის პირველ ეტაპზე იდელოფს დაუპირისპირდება - მატჩი 15:00-ზე დაიწყება.
სხვა ქართველები ლა ლიგაში
ლა ლიგაში კიდევ ერთი ქართველის, საბა საზანოვის დებიუტი შედგა - ალავესთან 3:0 წაგებულ მატჩში საბამ 9 წუთი ითამაშა. ხეტაფე ამ კვირაში კიდევ ორ მატჩს გამართავს - პირველი მატჩი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში პარტიზანის წინააღმდეგ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს 23:00-ზე გაიმართება, ხოლო მეორე მატჩი ლა ლიგის ეგიდით გიორგი გულიაშვილის რასინგის წინააღმდეგ - მატჩი სტარტს კვირას, 23 აგვისტოს 21:30-ზე აიღებს.
როგორც იცით, გიორგი წიტაიშვილმა კარიერა მადრიდულ რაიო ვალეკანოში გააგრძელა - მის დებიუტს ქართველი გულშემატკივარი ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, ალავესის წინააღმდეგ ელის - მატჩი სტარტს 23:00-ზე აიღებს.
22:08. 21:30 - კიტეიშვილისა და მამაგეიშვილის შტურიმი v ავსტრია.
23:08. 19:30 - მამარდაშვილის ლივერპული v ნიუკასლი.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები