პარი სენ-ჟერმენის შეჩერება შეუძლებელია.
მას შემდეგაც კი, რაც კლუბმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო და ყველა რგოლში ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბა, პარიზელები მომავალზე ზრუნვას განაგრძობენ. კლუბმა კიდევ ერთი ელიტური ტრანსფერი გააკეთა: 2005 წელს დაბადებული ბელგიელი ტალანტის, მიკა გოდტსის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ის ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება.
გოდტსი პარიზულ გრანდს ამსტერდამის აიაქსიდან 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბელგიელს ნიდერლანდურ კლუბში გამორჩეული სეზონი ჰქონდა: გასულ წელს მან 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა, მოედანზე კი ჯამში 3,570 წუთი გაატარა. ეს რიცხვები მის საოცარ სტაბილურობას უსვამს ხაზს - სტატისტიკურად, გოდტსი გოლში ან ასისტში მონაწილეობას ყოველ 111 წუთში ერთხელ იღებდა.
ცაცია შემტევი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშს ამჯობინებს და ლუის ენრიკეს ტაქტიკურ გეგმებში, სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლიორის როლს მოირგებს. ვარსკვლავებით გადაჭედილ შემადგენლობაში სათამაშო წუთების სწორად გადანაწილება გადამწყვეტი იქნება, თუმცა თუ ვინმემ იცის ხელთ არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება, ეს სწორედ ესპანელი სპეციალისტია.
მიკა გოდტსის დამატება კიდევ ერთხელ ადასტურებს პსჟ-ის ამჟამინდელ, მკაფიო სტრატეგიას: აწმყოში დომინირება ისე, რომ მომავალი არ დაიკარგოს. აღსანიშნავია, რომ ბელგიელის ტრანსფერი სულ რამდენიმე დღეში მოჰყვა კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტის, მანეს აკლიუშის მონაკოდან მრავალმილიონიან გადმოსვლას. პარიზელები მომავლის შენებას განაგრძობენ და ის მოთამაშეები, რომლებსაც ისინი ახლა იმატებენ, დიდი ალბათობით, მომდევნო ათწლეულის მთავარი საფეხბურთო ფიგურები გახდებიან.