პარი სენ-ჟერმენი ოფიციალურად აცხადებს მიკა გოდტსის ტრანსფერს.
ბელგიელმა შემტევმა საფრანგეთის დედაქალაქის კლუბთან 2031 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ის 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მიკა გოდტსი 2005 წლის 7 ივნისს ბელგიის ქალაქ ლევენში დაიბადა. საფეხბურთო განათლება მან ანდერლეხტის აკადემიაში მიიღო, 2020 წელს კი გენკში გადავიდა.
მან მალევე დაიმკვიდრა თავი, როგორც ბელგიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ახალგაზრდა ტალანტმა, განსაკუთრებით UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ნაჩვენები თამაშით.
2023 წლის იანვარში გოდტსი ამსტერდამის აიაქსს შეუერთდა და განვითარება იონგ აიაქსში განაგრძო. აიაქსის ახალგაზრდულ გუნდში გატარებული წელიწადნახევრის განმავლობაში მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისმა კარგმა თამაშმა საშუალება მისცა, 2023/24 წლების სეზონში ეტაპობრივად დაწინაურებულიყო მთავარ გუნდში. ნიდერლანდების უმაღლეს დივიზიონში პირველი გუნდის მაისურით დებიუტი კი 2023 წლის 9 აპრილს, ფორტუნა სიტარდის წინააღმდეგ, მხოლოდ 17 წლის ასაკში ჰქონდა.
აიაქსში თამაშისას ბელგიელმა გარემარბმა ყურადღება დრიბლინგითა და შემტევი უნარებით მიიპყრო. პროფესიონალურ დონეზე თავის პირველ სრულ სეზონში, 2024/25 წლებში, მიკა გოდტსმა ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, მათ შორის 3 UEFA-ს ევროპა ლიგაზე, და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მომდევნო სეზონში მან თავისი მზარდი სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა, 44 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2025 წლის ნოემბერში უტრეხტის წინააღმდეგ დაახლოებით 25 მეტრიდან გატანილი გოლი და 2026 წლის აპრილში ბრედას წინააღმდეგ წინააღმდეგ განხორციელებული შთამბეჭდავი გარღვევა.
წარმატებული სეზონის შემდეგ გოდტსი 2010 წლიდან მოყოლებული აიაქსის მხოლოდ მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 15 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიკა გოდტსი ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებში 15-წლამდელთა ასაკობრივი კატეგორიიდან თამაშობდა და ყველა ასაკობრივი გუნდი, 19-წლამდელთა ნაკრების ჩათვლით, გაიარა.
2022 წლის მაისში, 16 წლის ასაკში, მან UEFA-ს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისმა თამაშმა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში პირველი გამოძახება დაიმსახურა, ის „წითელ ეშმაკებში“ მიმდინარე წლის 28 მარტს გამოიძახეს და ამ დროისთვის ეროვნულ გუნდში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
წარმოუდგენლად ამაყი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შევუერთდი. მოუთმენლად ველი ამ მაისურის მორგებას, პარკ დე პრენსზე თამაშსა და მისი გულშემატკივრების ატმოსფეროს შეგრძნებას.
მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, ლუის კამპოსისა და მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიერ გამოცხადებული ნდობა გავამართლო.“ - თქვა ახალგაზრდა ბელგიელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
მიკა გოდტსი აიაქსიდან პსჟ-ში 45 მილიონი ევროს + 10 მილიონი ევროს ბონუსების სანაცვლოდ გადავიდა.