პარი სენ-ჟერმენმა ფერან ტორესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
მსოფლიოს ჩემპიონმა ესპანელმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა და 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 207 შეხვედრაში მან 65 გოლი გაიტანა. მათ შორის იყო 2025 წლის ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ გატანილი გოლიც, რომლითაც გუნდს მატჩის დამატებით დროში გადაყვანაში დაეხმარა.
ბარსელონასთან ერთად ფერან ტორესმა 3-ჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ - ესპანეთის თასი და 2-ჯერ - ესპანეთის სუპერთასი.
საერთაშორისო ასპარეზზე შანსი მას სწორედ ლუის ენრიკემ მისცა, რომელიც იმ დროს ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდა. ტორესის დებიუტი 2020 წელს, ერთა ლიგაზე გერმანიის წინააღმდეგ შედგა.
მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო როგორც ევრო 2020-ზე, ისე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კატარში.
მომდევნო წლები ლა როხასა და ფერან ტორესისთვის წარმატებული გამოდგა. 2023 წელს ესპანეთმა ერთა ლიგა მოიგო, ხოლო 2024 წელს ტორესმა ნაკრებთან ერთად პირველი დიდი ტიტული მოიპოვა - გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი.
ამ ზაფხულს კი, ჩრდილოეთ ამერიკაში, ვალენსიაში დაბადებული ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ესპანეთს მაისურზე მეორე ვარსკვლავის დამატებაში დაეხმარა.
ფერან ტორესმა საკუთარი სახელი ისტორიაში ჩაწერა, არგენტინის წინააღმდეგ ფინალის დამატებით დროში ერთადერთი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახალ თავგადასავალს ისეთ ამბიციურ კლუბში ვიწყებ, როგორიც პარი სენ-ჟერმენია. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, ლუის კამპოსსა და მწვრთნელ ლუის ენრიკეს იმისთვის, რომ გუნდში მოსვლის შესაძლებლობა მომცეს.
იმედი მაქვს, კლუბს რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაში დავეხმარები.“ - განაცხადა ფერან ტორესმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
ესპანელი შემტევის ტრანსფერის ღირებულება 50 მილიონი ევროა.
