ბარსელონას გოლკიპერმა, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, სეზონის ბოლომდე იჯარით ჟირონაში გადავიდა და 2 თამაშის ჩატარებაც მოასწრო, სერიოზული დაზიანება მიიღო.
Diario Sport-ის ინფორმაციით, რომელიც Cadena SER-ს ეყრდნობა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს სერიოზული კუნთოვანი დაზიანება დაუდგინდა — ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთის ნაწილობრივი გაწყვეტა, მყესების შესაძლო დაზიანებით. საწყისი სამედიცინო გამოკვლევები დაზიანების ზუსტ ხარისხზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ამ ეტაპზე ვერ იძლევა.
პირველადი ვარაუდით, გერმანელ მეკარეს დაახლოებით ორი თვე გაუცდება. თუ ასეთი სცენარი დადასტურდა, ჟირონამ შესაძლოა საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტოს და ტერ შტეგენი ბარსელონაში ნაადრევად დააბრუნოს.
ამ ეტაპზე ყველა მხარე ექიმების საბოლოო ვერდიქტის მოლოდინშია.
33 წლის გერმანელმა ჟირონაში გადასვლის შემდეგ ხეტაფესთან (1:1) და ოვიედოსთან (0:1) მატჩებში მოასწრო მონაწილეობის მიღება.