კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის მოახლოებულმა ორთაბრძოლამ UFC გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამ თემას გამოეხმაურა ორი წონის მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელმაც აღნიშნა, რომ ირლანდიელთან შეხვედრის კარს საბოლოოდ არ ხურავს, თუმცა ამისთვის კონორმა ჯერ გამარჯვებები უნდა მოიპოვოს.
ESPN-თან ინტერვიუში მატადორმა განმარტა, რომ დღესვე შეთავაზების შემთხვევაში მაკგრეგორთან ბრძოლას არ მიიღებდა, რადგან სპორტულად ეს მას არაფერს აძლევს.
ჩვენი ორთაბრძოლა მისთვის ბოლო დიდი კარტი იქნება, თუმცა მანამდე მან ეს ბრძოლაც უნდა მოიგოს და შემდეგიც. ის კარგია UFC-სთვის და ბევრი ადამიანისთვის, ვისაც მისი რინგზე ხილვა სურს. ჰოლოუეი და კონორი მოედანზე კნუტებივით იჩხუბებენ, ჩემი აზრით, მაკგრეგორი გაიმარჯვებს
ამჟამად ილია თოფურია თეთრ სახლში დასაგეგმ ისტორიულ UFC Freedom 250 ტურნირზე ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლისთვის ემზადება. „ძალიან აღელვებული და მზად ვარ“, - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და მაიამიში გამართული დამღლელი ტურნეს შემდეგ.
თოფურიამ ინტერვიუში ალექს პერეირასა და ჯოშ ჰოკიტის ბოლო ინციდენტზეც ისაუბრა, სადაც ამერიკელმა პერეირას დედას ინგლისურად შეურაცხყოფა მიაყენა, ბრაზილიელმა კი ენის ბარიერის გამო ეს ვერ გაიგო. „როცა გესმის, როგორ აგინებს ვიღაც მის დედას და ის ვერ ხვდება… ძმაო, ასე როგორ შეიძლება. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს ჰოკიტი ან საიდან გამოჩნდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ უზრდელია“, - დაამატა ილიამ. ახლა თოფურიას მთელი ყურადღება გეიჯიზეა მიპყრობილი, თუმცა მაკგრეგორთან პოტენციური მეგა-ბრძოლის იდეა სამომავლოდ მაინც აქტუალური რჩება.