UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მორიგ ვირუსულ ვიდეოში დაამტკიცა, რომ ორთაბრძოლებში ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
167 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველი მებრძოლი, რომელიც ოფიციალურ წონაზე 61 კილოგრამს იწონის, ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერსა და ბლოგერს, ლარი უილსს სპარინგში დაუპირისპირდა.
მანამდე 185 სანტიმეტრი სიმაღლისა და 118 კილოგრამის მქონე ლარი უილსი აცხადებდა, რომ თავისი გიგანტური მასის წყალობით, UFC-ის მებრძოლის, მანელ კაფეს დამარცხებას მარტივად შეძლებდა, რადგან პროფესიონალი სპორტსმენი მის განძრევასაც კი ვერ მოახერხებდა. რამდენიმე დღეში ბოდიბილდერმა თავისი თეორიის გამოცდა პრაქტიკაში, მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი მისი სრული კრახით დასრულდა.
მანქანა მეტოქე ჯერ გილიოტინის მახრჩობელა ილეთით დაანებება, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ ხელის მტკივნეული ილეთი შეასრულა. სულ რაღაც ორწუთიანი ჭიდაობის შემდეგ, 31 წლის კუნთოვანი ბოდიბილდერი სრულიად გამოიფიტა, მუხლებზე დაეცა, სუნთქვის აღდგენას დიდხანს უშედეგოდ ცდილობდა და 5-წუთიანი რაუნდის დასრულებამდე სპარინგის გაგრძელებაზე უარი თქვა.
მერაბ დვალიშვილს მას შემდეგ არ უჩხუბია, რაც გასულ დეკემბერში, ტურნირზე UFC 323 საჩემპიონო ქამარი პიოტრ იანთან დაკარგა. ქართველი სპორტსმენი, რომელმაც 2025 წელს ტიტული რეკორდულად ოთხჯერ დაიცვა, რუს მებრძოლთან ტრილოგიის გამართვას მას შემდეგ გეგმავს, რაც იანი ზურგის ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას დაასრულებს. მანამდე კი მერაბი ფორმის შესანარჩუნებლად 30 მაისს, RAF 09-ის ეგიდით, UFC-ის ლეგენდა ფრენკი ედგართან ჭიდაობის მატჩს გამართავს.