სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით UFC-ს პრეზიდენტის, დანა უაითის ხმა იყო გაყალბებული, თავად უაითის ყურადღება მიიპყრო. ყალბი განცხადება ამტკიცებდა, რომ 14 ივნისს, ვაშინგტონში დაგეგმილ UFC White House-ის ისტორიულ ქარდზე ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო ტრილოგია შედგებოდა.
იანვარში, UFC 325-ზე გამართულ განმეორებით ბრძოლაში ვოლკანოვსკიმ ლოპესი კიდევ ერთხელ დაამარცხა, რასაც გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გავრცელებული ყალბი ვიდეო სწორედ ამ გამოხმაურებებით მანიპულირებდა და ამტკიცებდა, რომ „The Great“ ვოლკანოვსკი თეთრი სახლის ტურნირზე სტივ გარსიას ჩაანაცვლებდა და ლოპესს მესამედ შეხვდებოდა. ჯო როგანს მართლაც სურდა ვოლკანოვსკის ხილვა ამ ქარდზე, თუმცა სრულიად სხვა მეტოქის, მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ.
ყალბი ანონსი ვირუსულად გავრცელდა, თუმცა დანა უაითმა მას სოციალურ ქსელ X-ში საკმაოდ კონკრეტული და ირონიული GIF-ით უპასუხა. ანიმაციაში ჩანს მამაკაცი, რომელიც ნაჭერს ყნოსავს, ქვემოთ კი აწერია ტექსტი: „Smells like bullshit“. ამ ჟესტით UFC-ს ხელმძღვანელმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.
დანა უაითმა მანამდეც მკაფიოდ აღნიშნა, რომ 14 ივნისის საღამოს ახალ ორთაბრძოლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამატებს, თუ ამას პირადად დონალდ ტრამპი სთხოვს. სწორედ ასე ჩაეშვა სატურნირო ბადეში დერიკ ლუისისა და ჯოშ ჰოკიტის დაპირისპირება. უაითის თქმით, ამ სპეციფიკური ღონისძიებისთვის ის მხოლოდ სანდო და საიმედო მებრძოლებს არჩევს.
მიუხედავად იმისა, რომ ვოლკანოვსკის ტრილოგია ტყუილი აღმოჩნდა, ოფიციალურად დაგეგმილი დიეგო ლოპესისა და სტივ გარსიას ბრძოლა მაინც რჩება თეთრი სახლის ქარდის ერთ-ერთ ყველაზე მოლოდინად და სანახაობრივ წყვილად.