UFC-ს მსუბუქი წონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი, ჯასტინ გეიჯი, მორიგი საჩემპიონო შანსის მოლოდინშია. სპორტსმენმა Grind City Media-სთან ინტერვიუში კარიერულ ჩავარდნებსა და იმ მენტალურ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ტიტულისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობა.
გეიჯიმ გაიხსენა, რომ წლის დასაწყისში მისმა მენეჯერმა ორგანიზაციას ულტიმატუმი წაუყენა: თუ მას საჩემპიონო ბრძოლას არ მისცემდნენ, ის კარიერას დაასრულებდა. UFC-მ მას დროებითი ქამრისთვის ჩხუბის უფლება მისცა და მოგების შემდეგ, ახლა გეიჯის ხელში კიდევ ერთი, სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია, გახდეს დაუმარცხებელი და სრულფასოვანი ჩემპიონი.
გეიჯის თქმით, ის მოხარულია კიდეც, რომ UFC 300-ზე მაქს ჰოლოვეიმ ნოკაუტში ჩააგდო, რადგან ამ მძიმე მარცხმა მას მობილიზაციისკენ უბიძგა და მომდევნო ორი გამარჯვება ბევრად უფრო დასაფასებელი გახადა. სპორტსმენი აღიარებს, რომ მისი მთავარი მტერი მოგებების შემდეგ ზედმეტი თვითკმაყოფილებაა.
ამ მენტალური ბარიერის დასაძლევად გეიჯი მოედანზე ყოველთვის ყველაზე ცუდ სცენარს ელოდება. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ თავადაც კი გაკვირვებული იყო პედი პიმბლეტთან იოლი გამარჯვებით.
14 ივნისს, UFC White House-ის ეგიდით გასამართ ღონისძიებაზე, გეიჯი კარიერაში მესამედ შეეცდება მსუბუქი წონის ოფიციალური ქამრის მოპოვებას. ამჯერად მისი მეტოქე ილია თოფურია იქნება, რომელსაც ჯასტინი ხაბიბ ნურმაგომედოვის შემდეგ თავის კარიერაში მეორე ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.
გეიჯი: „ხაბიბის შემდეგ, თოფურია ჩემთვის ყველაზე რთული გამოცდაა“
გეიჯის ყურადღებიდან არ გამოჰპარვია ის ფაქტიც, რომ ოქტაგონზე განცდილი ხუთივე მარცხი მხოლოდ მოქმედ ან ყოფილ ჩემპიონებთან აქვს:
მე მხოლოდ ყოფილ ჩემპიონებთან ან უშუალოდ საჩემპიონო ბრძოლებში წავაგე. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო სულაც არ არის და ჩემი კარიერის ეს ნაწილი არ მიყვარს.