მძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ და ფეხბურთის ლეგენდამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნეს და გულშემატკივრებს მიანიშნეს, რომ 1 აგვისტოს, დუბლინში რაღაც დიდი იგეგმება.
ფოტოს თან ახლავს წარწერა: „სენსაციური სიახლე! ეს ხდება 1 აგვისტოს, დუბლინში, ირლანდიაში“ და ჰეშთეგი -„გავხადოთ კრივი კვლავ დიდებული“.
ტაისონ ფიურისგან უცნაური და ხშირად არარეალური განცხადებების გაკეთება სიახლე არ არის, თუმცა მან ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით, სადაც საუდის არაბეთის სპორტის მესვეური თურქი ალ-ალშეიხიც მონიშნა, გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ფიურის პრომოუტერ ფრენკ უორენს 1 აგვისტოს დუბლინის „3არენაზე“ მართლაც დაჯავშნილი აქვს ივენთი.
ფიურიმ მიმდინარე წლის დასაწყისში არსლანბეკ მახმუდოვი ქულებით დაამარცხა, წლის ბოლოს კი ენტონი ჯოშუასთან სუპერბრძოლა ელის, რომელიც ივლისში გამართავს თავის შეხვედრას. ჯოშუასთან ორთაბრძოლამდე ფიურის ოქტაგონზე ან რინგზე კიდევ ერთი გამოსვლა სურს.
რეალურად, 1 აგვისტოს დუბლინში დაგეგმილი საღამოს მთავარი მოვლენა ადგილობრივი ფავორიტის, პირს ო'ლირის ბრძოლა იქნება, რომელიც IBO-ის საჩემპიონო ქამარს მარკ ჩემბერლენის წინააღმდეგ დაიცავს. თუმცა, ფიურისა და იბრაჰიმოვიჩის გამოჩენამ ამ შოუს მიმართ მოლოდინები კიდევ უფრო გაზარდა.