UFC-ის ქვესაშუალო წონის მებრძოლმა, თემბა გორიმბომ შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
სპორტსმენმა ეს გადაწყვეტილება ზედიზედ განცდილი სამი მარცხის შემდეგ მიიღო, რითაც მისი UFC კარიერა 4 მოგებითა და 4 წაგებით დასრულდა.
ზიმბაბველმა მებრძოლმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც აღიარა, რომ 2020 წელს ტაკაში სატოსთან ბრძოლის წინ საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 7.49 დოლარი ჰქონდა. მისმა მძიმე ისტორიამ ჰოლივუდის ვარსკვლავის, დუეინ ჯონსონის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ფეხზე დასადგომად გორიმბოს საკუთარი სახლი უყიდა.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში 35 წლის სპორტსმენმა აღნიშნა, რომ სპორტს 16 წელი დაუთმო და ახლა შვებას გრძნობს. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დუეინ ჯონსონს და მის გუნდს: „თქვენ გარეშე ჩემი ამერიკული ოცნება ვერ აიხდებოდა“. მან ასევე მადლობა გადაუხადა UFC-ის მატჩმეიკერ შონ შელბის იმისთვის, რომ ოცნების ასრულებისა და ორგანიზაციაში გამოსვლის შანსი მისცა.
გორიმბომ განაცხადა, რომ თუმცა თავად ვერ შეძლო UFC-ის ჩემპიონი გამხდარიყო, სპორტში მაინც რჩება და მუშაობას მწვრთნელისა და მენეჯერის ამპლუაში გააგრძელებს. ამასთანავე, ის აპირებს მთელი ყურადღება საკუთარ ქალიშვილებზე გადაიტანოს და მათ ჩოგბურთში წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.