მაქს ჰოლოვეი 11 ივლისს გასამართ ორთაბრძოლაში კონორ მაკგრეგორის სათანადოდ შეფასებას აპირებს.
UFC-ის ყოფილი ორგზის ჩემპიონის დაბრუნება ოფიციალურად გასულ შაბათს, ნეტფლიქსის ეთერში დეინა უაითმა დაადასტურა. მაკგრეგორი და ჰოლოვეი ერთმანეთს UFC 329-ზე დაუპირისპირდებიან, მათი პირველი ჩხუბიდან 13 წლის შემდეგ, რომელიც ირლანდიელის გამარჯვებით დასრულდა.
ბევრი ფანი მიიჩნევს, რომ აქტიურ სპორტში მყოფ ჰოლოვეის რევანშის აღება არ გაუჭირდება, თუმცა თავად ჰავაელი მებრძოლი ამ აზრს არ იზიარებს. მაკგრეგორს 2021 წლის ივლისში, დასტინ პუარიესთან მიღებული მძიმე ტრავმის (ფეხის მოტეხილობა) შემდეგ ოქტაგონზე აღარ უჩხუბია, რის გამოც მისი დაბრუნება ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
„ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. კონორი კვლავ სახიფათოა და სრულიად სულელი უნდა იყო, სხვაგვარად რომ იფიქრო“, - განაცხადა ჰოლოვეიმ თავის სტრიმში.
მაკგრეგორის მსგავსად, ჰოლოვეიც ბოლო ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ ბრუნდება. მან მარტში ჩარლზ ოლივეირასთან რევანში წააგო და სიმბოლური BMF-ის ტიტულიც დაკარგა. ახლა ჰავაელს შანსი აქვს, თავად აღმოჩნდეს მომგებიან პოზიციაში და ამ ზაფხულს მაკგრეგორზე ძველი მარცხისთვის რევანში აიღოს.