გილბერტ ბერნსი კარიერის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში სპორტს უბრუნდება
გილბერტ ბერნსი UFC-ის ეგიდით კვლავ იასპარეზებს, თუმცა არა ოქტაგონზე. ქვესაშუალო წონის ყოფილმა ტიტულის პრეტენდენტმა შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლის შესახებ გასულ აპრილში, UFC Winnipeg-ის ტურნირზე განაცხადა, სადაც მაიკ მალოტთან ნოკაუტით დამარცხდა. ეს ბრაზილიელისთვის ზედიზედ მეხუთე წაგება იყო ორგანიზაციაში.
თუმცა, გულშემატკივრები ბერნსს საქმეში მალევე იხილავენ, რადგან ის თავის პირველ სიყვარულს, ჯიუ-ჯიცუს უბრუნდება. მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი UFC BJJ-ის პლატფორმაზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ბერნსი საშუალო წონაში ტიტულოვან შავ ქამარს, ორლანდო მონტეიროს UFC BJJ 9-ის ტურნირზე, 4 ივნისს დაუპირისპირდება.
ეს არ იქნება მისი ერთადერთი გრეპლინგის მატჩი, ბერნსმა მანამდე კიდევ ერთი შეხვედრა დააანონსა პიტერ ფრანკის წინააღმდეგ, რომელიც 11 ივლისს Connect Heroes-ის ივენთზე შედგება.
39 წლის ბერნსი 5 წლის წინ ახლოს იყო UFC-ის ჩემპიონობასთან, თუმცა კამარუ უსმანთან დამარცხდა. ოქტაგონზე განცდილი მძიმე ფინალური მარცხების სერიის შემდეგ, ის გამარჯვების გზაზე დაბრუნებას იმ სპორტში შეეცდება, სადაც თავისი კარიერა დაიწყო და სახელი გაითქვა.