UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი თეთრი სახლის გაზონზე დაგეგმილ ისტორიულ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებას არ გეგმავს - მას სურს, რომ მისი ნოკაუტი სპორტის ისტორიაში შევიდეს.
14 ივნისს, ვაშინგტონში, ომალი საჩემპიონო ქამრის დასაბრუნებელ გზაზე კანადელ აიმან ზაჰაბის დაუპირისპირდება.
ომალისთვის, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში სონგ იადონგი დაამარცხა, ეს ბრძოლა უმნიშვნელოვანესია, რათა თავის ძველ მეტოქესთან, პიოტრ იანთან რევანშის შანსი მიიღოს. „შუგა“ (ომალის მეტსახელი) მხოლოდ ნოკაუტით მოგებაზე ფიქრობს და უკვე დეტალურად აქვს წარმოდგენილი, როგორ დაასრულებს შეხვედრას საპატიო სტუმრების წინაშე.
UFC.com-თან ინტერვიუში ომალმა გაამჟღავნა, რომ მისი მთავარი მიზანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თვალწინ ყველაზე ლეგენდარული კადრის შექმნაა:
თვალწინ მიდგას სურათი, როგორ დგას ტრამპი დარბაზში. მე მაქვს კონკრეტული კომბინაცია, რომლითაც ბრძოლის დასრულება მსურს. ვგეგმავ, აიმანის გათიშვის მომენტში ტრამპს სამხედრო სალმით მივესალმო. ჩემს კარიერაში ბევრი გიჟური ნოკაუტი ყოფილა, თუმცა მჯერა, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის
თეთრ სახლში გასამართ ტურნირს დონალდ ტრამპთან ერთად მსოფლიო ლიდერები, საპატიო სტუმრები და სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრებიან. თავის მხრივ, კანადელი აიმან ზაჰაბი გეგმავს, ამერიკელ ვარსკვლავს გეგმები ჩაუშალოს და აშშ-ის დედაქალაქში სენსაციური გამარჯვება მოიპოვოს.