მიუხედავად იმისა, რომ არმან ცარუკიანი თეთრ სახლში დაგეგმილი UFC-ის ისტორიული საღამოს მთავარი ბრძოლის სათადარიგო მებრძოლობაზე დათანხმდა, ის ამ როლით მაინცდამაინც ბედნიერი არ არის.
29 წლის სპორტსმენს ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო დაპირისპირების დაზღვევა მოუწევს.
მებრძოლთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ცარუკიანს სათადარიგო როლის გარეშეც ეკუთვნის ქამარზე ჩხუბი. თუმცა, მან დეინა უაითის ნდობა მას შემდეგ დაკარგა, რაც გასულ წელს ისლამ მაჰაჩევთან ჩხუბიდან მოიხსნა, მოგვიანებით კი, ბრძოლის წინ, დენ ჰუკერს თავით დაეჯახა. ოქტაგონს მიღმა მომხდარმა ამ ინციდენტებმა უაითის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც არმანს ამ როლის მიღება მოუწია.
Jaxxon Podcast-ის იუთუბ არხზე სტუმრობისას ცარუკიანმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია ისეთი მატჩისთვის მომზადება, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ შედგეს:
„ყველაფერი დადასტურებულია, თუმცა კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მომიწერია. მიხარია, რომ თუ რამე მოხდება, პირველი მე ვიქნები, ვინც ოქტაგონზე გავა და ამისთვის ვემზადები. უკვე დიეტაზე ვარ. სათადარიგო მებრძოლობა ყოველთვის საშინელებაა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს, ეს უნდა გავაკეთო.“
ცარუკიანი, რომელმაც ბოლო დროს სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ჩვეულებრივზე მძიმეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 155 ფუნტის (მსუბუქი წონა) ლიმიტის ჩასატევად მას წონის სერიოზული კლება მოუწევს. თუმცა, თუ ის კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს, UFC მას ჰონორარს ნებისმიერ შემთხვევაში გადაუხდის, იჩხუბებს ის თუ არა. ამასთან, ეს სტატუსი ნიშნავს, რომ ცარუკიანი თოფურია-გეიჯის წყვილის გამარჯვებულის მთავარი პრეტენდენტი გახდება.