მძიმე წონის მეხუთე ნომერს, ჯოშ ჰოკიტს უთხრეს, რომ შესაძლოა UFC-ის საჩემპიონო ქამარზე ბრძოლის უფლება არასოდეს მისცენ.
ივნისში, თეთრი სახლის გაზონზე დაგეგმილ UFC-ის ისტორიულ ტურნირზე, ჰოკიტს ორთაბრძოლა ორგანიზაციის რეკორდსმენთან, დერიკ ლუისთან აქვს ჩანიშნული. ეს ჩხუბი საკმაოდ უცნაურად დაიგეგმა: დონალდ ტრამპმა ლუისის ქარდზე დამატება პირდაპირ ჰოკიტისა და კერტის ბლეიდსის მატჩის მსვლელობისას მოითხოვა.
UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა, ჩაელ სონენმა საკუთარ იუთუბ არხზე განაცხადა, რომ მიუხედავად ჰოკიტის ფენომენალური ჭიდაობისა და სიძლიერისა, მას ტიტულამდე შესაძლოა უბრალოდ გზა გადაუღობონ:
„ვფიქრობ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯოშ ჰოკიტი ვინმემ დაამარცხოს. დღეს მხოლოდ რამდენიმე მებრძოლს შეუძლია მას კონკურენცია გაუწიოს. მჯერა, რომ ალექს პერეირას ყველასთან შეუძლია ჩხუბი...ასევე უხეშობა იქნება ტომ ასპინალის ჩამოწერა. თუმცა, სხვა ვერავისზე მოგცემთ გარანტიას. შესაძლოა, დროთა განმავლობაში ამ კატეგორიას გეიბლ სტივსონიც შეუერთდეს. ის ან მსოფლიო ჩემპიონი გახდება, ან უბრალოდ არ მისცემენ ქამარზე ჩხუბის უფლებას და რეიტინგის მეორე-მესამე პოზიციაზე გაყინავენ.“
ჰოკიტის მიმართ ასეთი სკეპტიციზმის მიზეზი ისაა, რომ UFC-ის პრეზიდენტ დეინა უაითს მისი პერსონაჟი და ქცევები საერთოდ არ მოსწონს. 28 წლის მებრძოლმა სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა, როდესაც თეთრი სახლის პირველივე პრესკონფერენციიდან გააძევეს, ის ილია თოფურიას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ქართველმა ჩემპიონმა მას ბოთლი ესროლა. სულ რამდენიმე დღეში კი ჰოკიტი და პაულო კოსტა UFC 328-ის დარბაზში ერთმანეთს ფიზიკურად დაეჯახნენ, თუმცა ისინი დაცვამ დროულად გააშველა.