14 ივნისს დაგეგმილი საჩემპიონო ბრძოლის წინ ჯასტინ გეიჯის გუნდმა მინიშნება გააკეთა, რომ ჰაილაითი მზადაა ოქტაგონზე თავისი ჭიდაობის უნარები გამოიყენოს.
გეიჯის მწვრთნელმა, ბენ ჩერინგტონმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი იშვიათად იყენებს შეტევით ჭიდაობას, ეს ელემენტი მათ „ჯიბეში“ აქვთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.
„ჭიდაობა?!“
ამ განცხადებამ და გავრცელებულმა სავარჯიშო ვიდეომ, სადაც გეიჯი ჭიდაობაზე მუშაობს, ილია თოფურიას გაკვირვება გამოიწვია. ილიამ სოციალურ ქსელში მოკლე, მაგრამ მჭევრმეტყველი კითხვით, „ჭიდაობა?!“, გამოხატა თავისი დამოკიდებულება.
რა ელის თოფურიას?
მიუხედავად იმისა, რომ გეიჯის სტილი ძირითადად დგომში ბრძოლასა და მძიმე დარტყმებს ეფუძნება, მისი მწვრთნელი თვლის, რომ ჭიდაობის ელემენტები თოფურიას გაურკვევლობაში ამყოფებს. თუმცა, პარტერში გადასვლა ელ მატადორისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ილია თოფურიას კარიერაში რვა გამარჯვება სწორედ მტკივნეული ილეთით აქვს მოპოვებული და ის თავდაპირველად სწორედ გრაპლინგის სპეციალისტად იყო ცნობილი.
თოფურიამ ბოლო წლებში სტილი შეცვალა და საკუთარი დარტყმების ძალა გააუმჯობესა, თუმცა მისი ჭიდაობის ფუძე კვლავ რჩება. დაპირისპირება 14 ივნისს გაიმართება და სწორედ მაშინ გამოჩნდება, გაბედავს თუ არა გეიჯი თავისი სათადარიგო გეგმის გამოყენებას ჩემპიონის წინააღმდეგ.