ჯასტინ გეიჯიმ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ივნისში მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონი გახდა, თუმცა UFC-ის ცნობილი კომენტატორი ჯონ ანიკი ვარაუდობს, რომ ამერიკელ ვარსკვლავს ოქტაგონზე აღარასდროს ვიხილავთ.
ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ზე, გეიჯიმ ილია თოფურია ოთხრაუნდიან სასტიკ ბრძოლაში დაამარცხა და ტიტულს მესამე მცდელობაზე დაეუფლა. ჩემპიონობის შემდეგ საუბარი მაშინვე მის პირველ დაცვაზე დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გულშემატკივრებს მისი ბრძოლის ხილვის იმედი ტყუილად აქვთ.
მართალია, გეიჯიმ უკვე ოფიციალურად თქვა უარი პედი პიმბლეტთან და ილია თოფურიასთან რევანშზე და მომავალ მეტოქედ არმან ცარუკიანი დაასახელა, თუმცა მისი მომავალი მაინც ბურუსითაა მოცული. 2027 წლის დასაწყისში სომეხ მებრძოლთან დაპირისპირება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას გაამჟღავნა, რომ გეიჯის დედა შვილს კარიერის დასრულებას სთხოვს. სწორედ დედის ამ ზეწოლის გამო, ჯონ ანიკი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონი საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
ანიკის თქმით, ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს 2020 წელს ხაბიბ ნურმაგომედოვის წასვლას. მაშინ დაუმარცხებელმა დაღესტანელმა, რომელმაც კარიერის ბოლო ბრძოლაში სწორედ გეიჯი დაახრჩო, დედას პირობა მისცა და სპორტიდან ზენიტში მყოფი წავიდა. ბევრი ვარაუდობს, რომ ახლა გეიჯიც ანალოგიურ გზას აირჩევს და ოქტაგონს სამუდამოდ დაემშვიდობება.