სიმონე ინძაგის პრესკონფერენცია ბარსელონასთან საპასუხო მატჩის წინ.
პირველი შეხვედრა გასულ კვირაში ბარსელონაში ფრედ 3:3 დასრულდა, საპასუხო დაპირისპირება კი ხვალ, 6 მაისს, მილანში შედგება.
- როგორ თამაშს უნდა ველოდოთ? განსხვავებული იქნება თუ არა იმისგან, რაც პირველ თამაშში ვიხილეთ?
დიდებული დონის მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, რომლის ძლიერი მხარეებიც ბურთის ფლობა და კონტრშეტევებია. თავი საუკეთესო მხრიდან უნდა წარმოვაჩინოთ და შევეცადოთ, დისტანციაზე გონივრულად ვიმოქმედოთ, რათა ინტერის რეალური სახე ვაჩვენოთ.
- აპირებთ თუ არა რაიმე განსხვავებულის გაკეთებას მარცხენა ფლანგზე, სადაც ლამინ იამალი თამაშობს?
გავაანალიზეთ, რისი გაუმჯობესება შეიძლება. მას დიდებული თვისებები აქვს და საუკეთესო თავდაცვის საშუალება ერთიანი მოქმედება იქნება, თუმცა არც ის დავივიწყოთ, რომ მეტოქეს სხვა უძლიერესი ფეხბურთელებიც ჰყავს.
- რამდენად მნიშვნელოვანია მოედანზე ლაუტაროს ყოფნა, თუნდაც თუ ის 100%-ით მზად არ იქნება?
მისი მონდომება და მოედანზე გასვლის სურვილი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა, მდგომარეობა მატჩის წინ უნდა შევაფასოთ.
ლაუტაროს ოთხშაბათის შემდეგ ჩვენთან ერთად არ უვარჯიშია, სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა და გუნდს დღეს შემოუერთდა. ფეხბურთელს და პერსონალს დაველაპარაკებით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
- რამდენად გონივრული და გააზრებული თამაში გჭირდებათ ბარსელონას დასამარცხებლად?
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში კარგად წარმოვაჩინეთ თავი, ხვალ კი სეზონის გადამწყვეტი მატჩია, რომელსაც ჩვენთვის ფინალის საგზურის მოტანა შეუძლია. იმედია დიდი მონდომებით და ზომიერი აგრესიით ვითამაშებთ.
- თამაში თანაბარ პირობებში გაიმართება, თუ სან-სიროს ეფექტი თქვენ გაძლევთ უპირატესობას?
რა თქმა უნდა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში მნიშვნელოვანი ფაქტორია, ისინი სულ გვეხმარებიან და ხვალაც იგივეს ველოდებით." - აღნიშნა ინტერის მწვრთნელმა.